"ჯო ბაიდენი უკრაინაში: როგორ მომზადდა საიდუმლოდ პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი კიევში" - ამ სათაურით BBC სტატიას ავრცელებს.
როგორც BBC-ის სტატიაშია აღნიშნული, თეთრი სახლის ოფიციალური პირები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის "მოულოდნელ" ვიზიტს კიევში - ქალაქში, რომელიც საომარი მოქმედებების ზონაშია - აფასებენ, როგორც "უპრეცედენტო ვიზიტს თანამედროვე ისტორიაში."
"მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები აქტიურად განიხილავდნენ ჯო ბაიდენის შესაძლო გამგზავრებას უკრაინაში, ამერიკის პრეზიდენტის კიევში გამოჩენა ყველასთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა - განსაკუთრებით კი იმ მომენტში, როცა მისი ყოფნის დროს დედაქალაქის ცენტრში, ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად, საჰაერო განგაში გამოცხადდა და სირენის ხმა ისმოდა. ეს ფაქტი უფრო მეტი მნიშვნელობისა იყო, ვიდრე პრეზიდენტის ყველა განცხადება, რომელსაც იგი პოლონეთში აცხადებდა," - ნათქვამია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
"ჯო ბაიდენის მიერ გადადგმული ნაბიჯი სარისკო იყო და არავის არ უნდა ჰქონდეს იმაზე ეჭვი, რომ ჯო ბაიდენი არის ლიდერი, რომელიც სერიოზულად ეკიდება ვადებულებებს," - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქეით ბედინგფილდმა.
ტელეფონების გარეშე
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ჯო ბაიდენი აშშ-დან პოლონეთში - ვარშავაში ორდღიანი ვიზიტით გაფრინდებოდა, თუმცა ვიზიტის იმ განრიგის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა, დროის გადანაწილებაში საეჭვოდ დიდი ხარვეზი შეიმჩნეოდა. შესაბამისად, ამ ფაქტმა ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ სწორედ ამ დროს ბაიდენი უკრაინაში ჩასულიყო.
"თეთრი სახლის ყოველდღიური პრეს-ბრიფინგებისას ჟურნალისტები არაერთხელ კითხულობდნენ ვიზიტის შესახებ, მაგრამ გვეუბნებოდნენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა დაგეგმილი არ იყო," - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ კიევში ჩასვლა საბოლოოდ მხოლოდ პარასკევს გადაწყდა, თუმცა მას მრავალი თვის განმავლობაში გეგმავდნენ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამშრომლის მონაწილეობით.
კვირას ჯო ბაიდენის ვიზიტის ოფიციალურ განრიგში ჯერ კიდევ იყო დაფიქსირებული, რომ იგი ვარშავის მიმართულებით ადგილობრივი [ვაშინგტონის] დროით 19 საათზე ორშაბათს საღამოს გაფრინდებოდა, სინამდვილეში კი პრეზიდენტის თვითმფრინავი ჰაერში კვირას, ადრე დილით, 04 საათსა და 15 წუთზე აფრინდა. ბორტზე საგანგებოდ მცირერიცხოვანი დელეგაცია იყო, ყველაზე ძირითადი თანამშრომლებით, მედიკოსების ჯგუფით და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებით. პრეზიდენტთან ერთად გაფრენის ნება მხოლოდ 2 ჟურნალისტს მისცეს, რომელთაც მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და განუცხადეს, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ, ვიდრე, ჯო ბაიდენი კიევში არ ჩავიდოდა.
BBC სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ "ჯო ბაიდენმა 10 საათი გაატარა სპეციალურ მატარებელში, რომელიც პოლონეთიდან კიევში მიდიოდა. მას შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედრისათვის უკრაინის ტერიტორიაზე სხვა ადგილი ამოერჩია, მაგრამ არჩევანი წინასწარგანზრახულად კიევის სასარგებლოდ გააკეთა - უკრაინის დედაქალაქში ჩასვლას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა."
"ჯო ბაიდენმა კიევში ყოფნით მოსკოვს აჩვენა, რომ თეთრ სახლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კიევს დახმარება არ შეუწყვიტოს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ამომრჩევლებსაც ძლიერი სიგნალი გაუგზავნა," - ნათქვამია სტატიაში.