სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ეფუძნება.
თამარ ტალიაშვილმა თავის მოხსენებაში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და წევრ ქვეყნებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.
ტალიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. აღნიშნული გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე, საქართველოს სახელმწიფოს უპრეცედენტო საერთაშორისო გამარჯვებას წარმოადგენს.
მან ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის შესახებ.
"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ" 2022 წლის ანგარიშის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების რეგულარული ინფორმირება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, რათა გაგრძელდეს და გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებზე.