14 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
შეწყვეტს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას - პარტიაში ერთიანი პოზიცია არ არის

ბოიკოტის შეწყვეტის აუცილებლობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის წევრები ალაპარაკდნენ. დარჩება თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საკუთარი ულტიმატუმის ერთგული? საკითხი მორიგი დაპირისპირების მიზეზია. პარტიაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

ინდივიდუალური გადაწყვეტილებები კი უკვე მიღებულია. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ იმ დროს, როცა პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტები დარეგისტრირდა საპარლამენტო რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. დეკანოიძე ბოიკოტზე უარის თქმისთვის მზადაა და პირველ ეტაპზე საკომიტეტო მოსმენებში ჩართვას გეგმავს. ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე პოზიციის შეცვლას ურჩევს თანაგუნდელებსაც.

შეცვლის თუ არა პოზიციას "ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული თავმჯდომარე უცნობია. ლევან ხაბეიშვილი სამოქმედო გეგმაზე დღეს აღარ საუბრობს. სწორედ ხაბეიშვილის ინიციატივით გადავიდა პარტია მორიგ საპარლამენტო ბოიკოტში.

თუმცა შესაძლოა ახალი ხელმძღვანელი მალე უმცირესობაში აღმოჩნდეს და მისი პარტიის წევრები თავმჯდომარის თანხმობის გარეშე ჩაერთონ პარლამენტის საქმიანობაში. ამის შესაძლებლობას პარტიის გენერალური მდივანიც არ გამორიცხავს. პეტრე ცისკარიშვილი ერთდროულად ბოიკოტის შეწყვეტის და მისი გაგრძელების მომხრეცაა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების დასრულებას ელოდებიან ფრაქციის სხვა წევრები. ამბობენ, რომ პარტიამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს- ბოიკოტი თუ საპარლამენტო საქმიანობა?!

ახალი ხელმძღვანელობის ტაქტიკამ პარტიიდან წევრების წასვლაც განაპირობა. "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება რომან გოცირიძემ იდეოლოგიურ განსხვავებებთან ერთად იმითაც ახსნა, რომ მისთვის მიუღებელი იყო პარტიის მიერ არჩეული სტრატეგია. ახლა უკვე ყოფილი "ნაციონალი" პარტიის წევრებს ბოიკოტზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროტესტის შეწყვეტას მიესალმებიან სხვა ოპოზიციური პარტიები, თუმცა კოლეგებს იმასაც ურჩევენ, რომ ბოიკოტის შემთხვევაში საპარლამენტო პრივილეგიებზე უარი თქვან.

დაბრუნდება თუ დარჩება ბოიკოტის რეჟიმში "ნაციონალური მოძრაობა" ამას მნიშვნელობა არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობისთვის. ამბობენ, რომ არათანმიმდევრული მიდგომა ამ პოლიტიკურ ძალას რესურსს უკარგავს.

საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის ან გაგრძელების გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ფრაქციის სხდომაზე უნდა მიიღონ. ამ ფორმატში კი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან.

დღის ამბები