"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება უმრავლესობაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ისინი ვინც მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რა ფინანსური წყაროები აქვთ.
შალვა პაპუაშვილი კანონპროექტის ძირითად პრინციპებს განმარტავს.
"ეს კანონპროექტი ზოგადად შეეხება იმ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, სადაც იმყოფება საქართველო, სადაც ინტერესები არის სხვადასხვაგვარი და სხვადასხვა მხრიდან და ვექტორიდან. ამაზე სხვა დროს, სხვათა შორის, თავად ეს სექტორიც საუბრობს ხოლმე, როცა საუბრობს მაგალითად რუსული გავლენების საფრთხეებზე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ ისედაც გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში ვართ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამ ომის პირობებში, რომელსაც აწარმოებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ვართ განსაკუთრებული რისკის ქვეშ ძალიან ბევრი ვექტორის მხრიდან. ამიტომ, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ისინი, ვინც მონაწილეობენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ რა ფინანსური რესურსები ან წყაროები აქვთ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.