ექსპერტების პროგნოზების მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომმა, შესაძლოა, ხანგრძლივი ხასიათი მიიღოს და წლობით გაგრძელდეს - ომის შედეგებსა და ეკონომიკის საკითხებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საქმეებში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან არუპა ბანერჯისთან ექსკლუზიურ ინტერვიუს უკრაინული მედია "ინტერფაქს უკრაინა" ავრცელებს.
ჟურნალისტის კითხვას, როგორ ზეგავლენას მოახდენს ზემოთ აღნიშნული უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და ტექნიკურ დახმარებაზე, შეიცვლება თუ არა პრიორიტეტები, არუპა ბანერჯი პასუხობს:
"ამ საშინელი წლის გახსენებისას, დღემდე გაოცებული ვარ უკრაინელი ხალხის და ქვეყნის ხელმძღვანელობის გამძლეობითა და გამბედაობით. მაგრამ ცხადია, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მით უფრო ძვირის გადახდა უწევს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, მით უფრო იზრდება ფინანსური საჭიროებები აღდგენისთვის.
უკრაინის ამჟამინდელი და მომავალი დაფინანსების საჭიროებები შემაძრწუნებელია. უკრაინას, ამ კალენდარულ წელს, თვეში დაახლოებით 3-4 მილიარდი აშშ დოლარი სჭირდება მხოლოდ ძირითადი საჯარო სერვისებისთვის: პენსიები, ხელფასები, განათლება, სოციალური გადასახადები. დამატებითი ინვესტიციებია საჭირო განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, განადგურებული ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და ბიზნესს ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დასახმარებლად.
ამ გამოწვევების წინაშე აღმოჩენისას, მთავრობამ მკაფიოდ დაადგინა საკუთარი პრიორიტეტები ეკონომიკურ საჭიროებებთან დაკავშირებით და მიაწოდა ინფორმაცია განვითარების სფეროში ყველა პარტნიორს, მათ შორის მსოფლიო ბანკსაც.
ამ პრიორიტეტების პრიორიტეტიზაცია, ასევე, ეფუძნება 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული "ზარალისა და აღდგენის საჭიროებების სწრაფი შეფასების" (RDNA) მნიშვნელოვან მონაცემებს და მას შემდეგ ზიანისა და საჭიროებების ზრდას.
უპირველესი პრიორიტეტია სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერის გაგრძელება ისეთი ძირითადი საჯარო სერვისების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა ჯანდაცვის, განათლების და სოციალური დაცვის სექტორები. მეორე პრიორიტეტი ეხება ენერგეტიკული სისტემის შეკეთებას და აღდგენას, რომელიც მუდმივად შეტევის ქვეშაა. მესამე პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარება, მათ შორის სკოლებისა და საავადმყოფოების შეკეთება, გათბობის, ელექტროენერგიის და წყალმომარაგების უზრუნველყოფა, სატრანსპორტო მარშრუტების შეკეთება კომუნიკაციებისა და სერვისების აღსადგენად და მცირე დაზიანებული საცხოვრებელი სახლების შეკეთება მათი მუდმივი გამოყენებისთვის.
და ბოლოს, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა, მათ შორის ფერმერების მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის მომდევნო სეზონზე და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.
სწრაფი აღდგენა, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ სასწრაფო აღდგენას, უნდა ახლდეს ძირითადი სერვისების მუდმივ მხარდაჭერას. აღდგენის დაგეგმვა ასევე უნდა დაიწყოს ომის დასრულებამდე," - ამბობს არუპ ბანერჯი.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის დონემ უკრაინაში შესაძლოა 50%-ს გადააჭარბოს. არის თუ არა მსგავს ვითარებაში შესაძლებლობა ლიბერალური რეფორმების ჩატარების, გადასვლა საბაზრო ტარიფებზე და საპენსიო რეფორმაზე? - კითხვაზე პასუხად მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი განმარტავს, უკრაინაში რუსეთის შემოჭრა ტრაგედიაა, რომელსაც აუცილებლად მოყვება სერიოზული ადამიანური და ეკონომიკური შედეგები მოყვება.
"უკრაინაში შემოჭრა არის ტრაგედია, რომელსაც სერიოზული ადამიანური და ეკონომიკური შედეგები მოყვება. ჩვენი შეფასებით, კიდევ 8 მილიონი უკრაინელი აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს მიღმა ომამდელ პერიოდთან შედარებით. ე.ი. ქვეყანა სიღარიბის დაძლევის მიზნების მიღწევაში 15 წლით უკან იხევს.
ამავე დროს, გასაოცარი მდგრადობა, რომელიც უკრაინამ და უკრაინელებმა აჩვენეს, დიდწილად განპირობებულია მაკროეკონომიკური მენეჯმენტის სფეროში კომპლექსური და წარმატებული რეფორმებით და ინსტიტუტების განვითარებით, რომელიც ხელისუფლებამ ომამდე ბოლო წლებში დანერგა," - აცხადებს არუპ ბანერჯი.