14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
"ერთხელ და სამუდამოდ, მე მგონი მანდატების დატოვებაზე და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს" - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ გაუგებრობაა. დისკუსიის საგნად რჩება - უნდა შეწყდეს თუ არა რიგით მესამე ბოიკოტი და ზოგადად რა განმარტება აქვს პროტესტის ამ ფორმას.

ლევან ხაბეიშვილის გუნდში აცხადებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა გარკვეულ საკანონმდებლო საკითხებზე უნდა გამოიყენონ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. 

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ფრაქციაში კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. 

"ეს არის კონკრეტული კანონი, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა თვითონ ფრაქციაში, მოხდეს თუ არა ამ კონკრეტული კანონის ინიცირების დროს ჩვენი იქ ყოფნა. ამ ყველაფერზე კვლავ მიმდინარეობს კონსულტაციები ფრაქციაში და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. არავის არაფერი გადაწყვეტილება არ მიუღია, მიმდინარეობს მსჯელობა, დაველოდოთ იმ პროცესს, როდესაც დაიწყება ამ კანონის განხილვა," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

ბოიკოტის ეს განმარტება გაუგებარია "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ნაწილისთვის- უფრო მეტიც, პარტიის აღნიშნულ ფრთაში ზოგადად ბოიკოტზე ლაპარაკი უკვე არასერიოზულად მიაჩნიათ. 

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მანდატების დატოვებაზე და ბოიკოტზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

"ნამდვილად ვაპირებ, რომ განხილვებში ჩავერთო და რეალურად მიმაჩნია, რომ ბოიკოტი ამ შემთხვევაში არ არის იმ შედეგის მომტანი, რომელიც ყველას გვსურს. ქუჩის პროტესტი, დემოკრატიის ერთმნიშვნელოვანი მექანიზმი, არ უშლის ხელს იმას, რომ პარლამენტში გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რომელიც აუცილებელია. ერთხელ და სამუდამოდ, მე მგონი მანდატების დატოვებაზე და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ წელიწად-ნახევარი დარჩა არჩევნებამდე და წარმოუდგენელია ამაზე სამი წელი საუბარი. მე პირადად მრცხვენია ჩვენი ამომრჩევლის და ყველა იმ ადამიანის, ვისაც ამაზე ვესაუბრებით და ეს არის მთავარი განმსაზღვრელი წესრიგი სამი წელი,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები