"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარლამენტში კანონის ორი ალტერნატიული პროექტი განიხილება. პირველად დაინიცირებული ვერსიის მიხედვით, სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია ევალებათ აიპებს, ანუ იურიდიულ პირებს და იმ მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20% და მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. მათ ფინანსური ანგარიშგება წელიწადში ერთხელ მოუწევთ. რეგისტრაციისგან თავის არიდება კი ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტის მიხედვით, არ იზღუდება და არ იკრძალება მათი საქმიანობა.
ალტერნატიული, ამერიკული მოდელი, რეგისტრაციას ავალდებულებს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ანუ ინდივიდებსაც. საუბარია ნებისმიერი ოდენობის დაფინანსებაზე. ამავე პროექტის მიხედვით, მაკონტროლებელ უწყებას უფლება აქვს დარეგისტრირებულ სუბიექტებს ფინანსების დეკლარირება მოსთხოვოს. უარის შემთხვევაში განსაზღვრულია სისხლის სამართლებრივი დევნა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც. ამერიკულ კანონს და ქართულ ვერსიას შორის განსხვავებულია ტერმინოლოგიაც.
არც ლიბერალური და არც ხისტი პროექტი - ოპოზიციას შეთავაზებული ალტერნატივაც არ მოსწონს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის საქართველოში ამერიკული კანონიც რუსულია. ამბობენ, რომ შტატებში მიღებული უცხოური გავლენის აგენტების აქტი თავის დროზე სხვა კონტექსტს იყო მორგებული. ჯერ კანონპროექტი წაკითხული არ აქვთ, თუმცა იდეას წინასწარ უცხადებენ უნდობლობას.
პროექტის ინიციატორები ოპონენტებს კანონპროექტების წაიკითხავს და პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად საქმიან რეჟიმში გადასვლას ურჩევენ. ხალხის ძალის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამერიკაში ათწლეულების განმავლობაში მოქმედ კანონთანაც და პროექტის ლიბერალურ ვერსიასთანაც ოპოზიციის პრეტენზიები უსაფუძვლოა.
"ქართული ოცნება" კი მხარს, დიდი ალბათობით, "ხალხის ძალის" პირველად დარეგისტრირებულ წინადადებას დაუჭერს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტით ამერიკული კანონი მათთვის მიუღებელია. ემხრობიან პროექტს, რომელიც დარეგისტრირებას ავალდებულებს მხოლოდ იურიდიულ პირებს და ის არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე - პერსონებზე, როგორც ეს შტატებში მოქმედი აქტითაა განსაზღვრული.
"ხალხის ძალამ" ამერიკული კანონის ანალოგი გუშინ დაარეგისტრირა. პროექტების ავტორები კანონმდებლებს ალტერნატიულ არჩევანს სთავაზობენ. განხილვები საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო კვირიდან გააქტიურდება.