14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ მაშველს, ამაყი ვარ, როდესაც გვეუბნებიან - მადლობა, რომ თქვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად იმუშავეს - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ​ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში იმყოფება, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები, სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად აწარმოებენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

"მინდა, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თურქეთის მთავრობას. ნამდვილად ძალიან მძიმეა, რასაც ეკრანიდან უყურებ, თუმცა, შენი თვალით რომ ხედავ, ბევრად მძიმე სანახავია.

იცით, რომ იმ დღიდანვე, იმ დილითვე, ბატონი პრემიერის დავალებით მოხდა მობილიზება ჩვენი მაშველების, აღჭურვილობის და დილიდანვე დაიძრნენ ეპიცენტრის მიმართულებით", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ქართველმა მაშველებმა თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი 3 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, ხოლო ნანგრევებიდან 85 გარდაცვლილი ამოასვენეს.

" ჩვენი მაშველები არიან გამოცდილები და მომზადებულები მაღალ დონეზე. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, მე ამაყი ვარ ნამდვილად, როდესაც გვეუბნებიან: მადლობა, რომ თქვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად იმუშავეს.

ყველა კითხულობდა, ქართველები სად არიან, გვიშველეთო და ეს ჩემთვის ნამდვილად საამაყოა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა თურქეთის მხარი მიერ არაერთხელ აღმოჩენილი დახმარების შესახებ და მადლიერება გამოთქვა.

"მერწმუნეთ, როცა ჩვენთან გვიჭირს, თქვენ იცით, თითქმის ყოველ ზაფხულს გვაქვს ხანძრები, ყოველთვის, ჩვენი დარეკვაც კი არ სჭირდებათ, თვითონვე გამოხატავენ დახმარების სურვილს. იცით, რომ სახანძრო თვითმფრინავი ბევრ ქვეყანას არ ჰყავს, მართლა შვებაა ამ დროს დახმარება და ყოველთვის გვეხმარებიან. ასევე დიდი ტრაგედიისას, რომელიც ბათუმში მოხდა, მყისიერად მოხდა მათი შეხმიანება, თუმცა იქ არ გვჭირდებოდა, ჩვენც საკმარისი ვიყავით, თუმცა ეს ურთიერთობის, პატივისცემის თემაა. ისინი ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი მეზობლები არიან, ჩვენი ძმები და დები არიან. როცა გვიჭირს, გვეხმარებიან, ჩვენც ყოველთვის მზად ვართ, რომ გვერდში დავუდგეთ, რაც უნდა მოხდეს. ჩვენ შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ , თუმცა გულით ვაკეთებთ და ნამდვილად ბევრი შეგვიძლია," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები