14 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ეს არის პირდაპირ ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია ერთი წლისთავზე, ჩვენ ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს - ირაკლი ქადაგიშვილი

ვგმობთ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის, შოიგუს დაკრულზე ცეკვას - ეს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაა. ანდრეი კასიანოვი ომის წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. როგორც დიპლომატმა მედიასთან განაცხადა, კიევში მიწვევის ფაქტები დაიმალა, რაც უკრაინისთვის გაუგებარია. მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში ქართველი პოლიტიკოსები რუსული პროპაგანდის ტყუილებს ავრცელებენ.

განცხადებას უკვე უპასუხეს სახელისუფლებო გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საელჩოს მიერ მედიისთვის წინასწარ ქართულ ენაზე დარიგებული სიტყვა, ოპოზიციის გზავნილების იდენტურია.

"ეს სცდება ყოველგვარ დიპლომატიურ ენას, მათ შორის მკაცრ დიპლომატიურ ენასაც. ეს არის პირდაპირი ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია ერთი წლისთავზე, ამიტომ ჩვენ ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს და ასეთმა პროვოკაციებმა არ უნდა აიძულოს საქართველო დაუშვას საბედისწერო შეცდომები. ეს არის კიდევ ერთი ნათელი ლუსტრაცია იმისა თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ რეალურად გაიხსნას მეორე ფრონტი. კასიანოვის სიტყვების ობიექტურობა ამ პროვოკაციული განცხადების შემდეგ სამწუხაროდ არანაირ დამაჯერებლობას აღარ ატარებს," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

რაც შეეხება "ხალხის ძალას", მოძრაობაში ამბობენ, რომ კასიანოვის განცხადებები მხოლოდ მისი სიტყვები არ არის. "ხალხის ძალის" დამფუძნებლის თქმით, მსგავსი განცხადებები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რათა მოხდეს საზოგადოების გაღიზიანება და ქვეყანაში არეულობის შემოტანა. 

"ის, რომ კასიანოვს ათქმევინეს ის, რაც ათქმევინეს და ეს მისი ტექსტი არ იქნებოდა მხოლოდ გასაგებია, იმიტომ, რომ სამწუხაროდ ამ ტექსტის იდენტური არის ხოლმე უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი თანამდებობის პირების განცხადებები.

თავად ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ კასიანოვი რუსეთის ფედერაციის მიმართ არ იყენებს ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომელი სახელმწიფოც ეომება, როგორსაც იყენებს ქართული სახელმწიფოს მისამართით, რომელიც მისი სახელმწიფოს გვერდით დგას და ეს მოცემულობა უკვე პრაქტიკულად ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მიზანმიმართულად ხდება პროვოკაცია, მათ შორის ომის დაწყებიდან ამ ერთი წლისთავზე, რომ როგორმე მოხდეს საზოგადოების გაღიზიანება და რაიმე ტიპის არეულობის შემოტანა," - აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები