რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ დამანგრეველ ომზე საქართველოს პრემიერმა თურქეთის დანგრეული ქალაქიდან ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი მიწისძვრის ეპიცენტრში ქართველ მაშველებთან ჩავიდა. სწორედ იქ გააკეთა მან ვრცელი კომენტარი ერდოღანთან გუშინდელი პირისპირ შეხვედრის შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტი თურქეთში დღეს სრულდება, ქართველი მაშველები კი, რომელთა გამოც ქართული დელეგაცია მთელი დღეა მადლობებს იღებს, კვლავ ჰათაის პროვინციაში რჩებიან.
ჰათაის პროვინციის ქალაქი ანთაქია სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა. თურქეთის სამხრეთ ნაწილის მხოლოდ ამ პროვინციაში 22,000 ადამიანი დაიღუპა. მე-18 დღეა ჰათაიში სხვადასხვა ქვეყნების სამაშველო სამსახურებთან ერთად ქართველი მაშველები მუშაობენ. ტრაგედიის პირველივე დღეებში 3 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. დღემდე კი ნანგრევებიდან 80-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს. ქართველ მაშველებს დღეს მთავრობის მეთაური შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დელეგაციის წევრებთან ერთად სამაშველო ჯგუფს მადლობა გადაუხადა, თურქეთს კი სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
ქართველი მაშველები ერთგულ მეგობრებთან ერთად სწორედ პრემიერ-მინისტრის დავალებით, თურქეთში მიწისძვრიდან რამდენიმე საათში უკვე სამაშველო ოპერაციაში მონაწილობდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ადგილზე გაეცნო იმ აღჭურვილობას, რომლის საშუალებითაც ქართველი მაშველები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართული. პირველ ეტაპზე სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში იმყოფებოდა, როტაციის პრინციპით კი ახალი ამოცანა განისაზღვრა და ქართველმა მაშველებმა ქალაქ ანტაქიაში გადაინაცვლეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის ქართველ კოლეგას და დელეგაციის წევრებს დღესვე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. ამ შეხვედრაზეც ქართულმა მხარემ თურქეთის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა თანადგომა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის ძალოვანმა მინისტრმა პრემიერს და მთავრობის წევრებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის კოორდინაციის ადგილობრივ ცენტრში გადაინაცვლეს. პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად დეტალურად გაეცნო მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას.
სამაშველო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიუხედავად, მთავრობის მეთაურმა თურქულ მხარეს დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო მზადაა პარტნიორ და მეზობელ ქვეყანას სამომავლოდ დახმარება გაუწიოს.
პრემიერის ვიზიტი თურქეთში გუშინ დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს 6 თებერვალს დატრიალებული ტრაგედია პირადად მიუსამძიმრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპრეზიდენტო სასახლეში უმასპინძლა. რეგიონის ორი ლიდერი ერთმანეთს საათზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებოდა.
აუდიენციის შემდეგ პრეზიდენტმა პრემიერს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, განსახილველ საკითხებს შორის თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები და რეგიონული საკითხებიც იყო.
საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით თურქეთში ვიზიტი დღეს დასრულდა. ქართულმა დელეგაციამ ანკარა უკვე დატოვა.