14 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რატომ მივედით აქამდე, რომ ასეთი არადიპლომატიური ენით ველაპარაკებით ერთმანეთს" - ალექსანდრე რაქვიაშვილი 

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის კრიტიკას გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში. საუბარია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებაზე, სადაც იგი ამბობს, რომ  მმართველი გუნდის "ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინტერესებს". 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ის რაც ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, ეს "სამწუხაროდ რეალობაა."

"ეს არის სამწუხარო რეალობა, რასაც საუბრობს, არაფერს გადამეტებულს ან ტყუილს არ საუბრობს ეს ადამიანი. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გაურბის უკრაინასთან ნორმალურ კომუნიკაცია, გაურბის უკრაინასთან მეგობრულ დამოკიდებულებას. გაურბის სწორ და ღირსეულ პოზიციაზე ყოფნას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, კასიანოვი იქნება, ოფიციალური ელჩი იქნება, ქართული ოცნების პოზიცია არ შეიცვლება,“ - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის დიპლომატიური ენა და პრობლემა სწორედ იმაშია, რატომ მივიდა ორი ქვეყანა იმ მდგომარეობამე, რომ ასე ესაუბრება ერთმანეთს. 

"ეს არ არის დიპლომატიური ენა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რატომ მივედით აქამდე, რომ ასეთი არადიპლომატიური ენით ველაპარაკებით ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა, რომელიც არა მარტო ელჩის მოვალეობის შემსრულებლისგან, არამედ უკრაინის ზოგიერთი თანამდებობის პირიდან და ჩვენი თანამდებობის პირებიდან, აქედან საერთოდ არ ჰგავს ურთიერთობას ქვეყნების, რომლებსაც მეგობრული ქვეყნები შეიძლება უწოდო.

ცხადია, მიხეილ სააკაშვილი არა მარტო უკრაინასთან გვიფუჭებს რაღაცნაირად ურთიერთობას, არამედ ზოგადად ევროპელებთან, და მით უმეტეს ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რატომ უნდა დავასრულოთ ეს პოლიტიკური პრობლემა და ვიპოვით გზა, როგორ აღარ ვილაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილზე და აღარ გავიფუჭოთ ურთიერთობა არც უკრაინელებთან, არც ევროპელებთან." - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები