საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-ს შეადგენს, ხოლო შარშან გვქონდა 10%-ანი ეკონომიკური ზრდა; ასევე მნიშვნელოვნად თითქმის 38%-მდე შემცირდა საგარეო ვალი.
პრემიერ-მინისტრმა კობა გვენეტაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ირაკლი ღარიბაშვილმა კობა გვენეტაძეს წარმატებები უსურვა.
"დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2.8%, შარშან ასევე გვქონდა 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, თითქმის 38%-მდე ჩამოვწიეთ. Gdp, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, წელს იქნება 25 მლრდ დოლარი, შესაბამისად 80 მლრდ ლარამდე. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8 000 დოლარს მიაღწევს მშპ და ლარი არის სტაბილური 2.6-2.65 ფარგლებში, დოლართან მიმართებაში. ამასთან, უმუშევრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე და რაც მთავარია, ამ ორი წლის ეკონომიკურმა ზრდამ მისცა საშუალება ბატონ კობას და მის მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს არის მოკლე შეჯამება მთავრობის და ეროვნული ბანკის მეტად კონსტრუქციული და კოორდინირებული მუშაობისა
ბატონმა კობამ თავის გამოსვლაში აღნიშნა ეროვნული ბანკის მნიშვნელობა და გაიხსენა ისტორია. ასევე მინდა ჩემი მხრიდან დავადასტურო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მთავრობას და ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა. სწორედ ამის შედეგია ის, რაც მოგახსენეთ. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს. ჩვენ არა ერთი საუბარი გვქონია, ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე - ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.
რა სჭირდებოდა და რა სჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს. ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვიმუშავეთ ჩვენ ერთად 2 წელი და ხედავთ, რომ შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორედ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ბატონი კობას მიზანმიმართული, ქმედითი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით ეროვნული ბანკის მუშაობა იყო უაღრესად დადებითი. კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო კობა, გაწეული სამსახურისთვის. თქვენ ნამდვილად საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ ბოლო 7 წლის განმავლობაში, თქვენ არაერთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალეთ და მე ახლა გემშვიდობებით. გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა," - აღნიშნა პრემიერმა.