ხალხის ძალის ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. "ხალხის ძალის" წევრები "ქართული ოცნების" ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებზე საკომიტეტო და პლენარული განხილვები.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს დაუჭერენ მხარს, თუმცა საბოლოო მხარდაჭერისთვის, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.
"ჩვენი შეხვედრის მიზეზიც, მიზანიც და სამსჯელო თემაც იყო, ორივე ვარიანტი გადაგზავნილიყო თუ არა ვენეციის კომისიაში. მათ ამ წინადადებას დავეთანხმეთ. საერთო ინიციატივა გამოგვივიდა, მსჯელობაში წარმოიშვა ეს ამბავი. თავშივე თუ ვიტყვით, რომ ქართულ ვერსიას მხარს ვუჭერთ და ამერიკულს, რომელიც იქნა ნათარგმნი, მხარს არ დავუჭერთ, მაშინ ვენეციაში გადაგზავნას რა აზრი აქვს. ამიტომ იყო წინადადება, მოდი, ვიფიქროთ ამერიკული ვერსიის მხარდაჭერაზეც. პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე ორივეს დავუჭერთ მხარს, მაგრამ შემდეგ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მსჯელობას მხარდაჭერასთან დაკავშირებით.არსებობს წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ბენეფიციარებს შეეხებათ და უფრო მკაფიოდ უნდა იყოს რაღაცები ჩადებული, რომელიც გამორიცხავს სპეკულაციის სივრცეს. არც ერთ ბენეფიციარს არ ეხება, ბენეფიციარს კი არა, არ ეხება, მათ შორის არც ერთ ფიზიკურ პირს, როგორც ჩანს, დღის წესრიგშია, რომ ეს საკითხი მკაფიო გახდეს",-აცხადებს მამუკა მდინარაძე.
პირველი მოსმენის შემდეგ, ორივე დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. "ხალხის ძალის" მიერ მომზადებული "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, თუმცა ცვლილებები არ გავრცელდება დიპლომატებზე და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე.