ხმაური იყო ადამიანის უფლებათა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ. დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „გირჩის“ წარმომადგენელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას მონობა უწოდა.
პარლამენტში პარტია „გირჩის“ აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში „ბიბლიურ თავისუფლებაში“ მუშაობდა და ახალგაზრდებს ეხმარებოდა, რომ მარტივი გზა ეპოვათ და თავი დაეღწიათ სამსახურისგან.
"წვევამდელები მიცნობდნენ ისე, როგორც დედა რუსკას, მათ უბრალოდ თავიანთი ცხოვრება ჰქონდათ და სჭირდებოდათ დახმარება, როგორ გადაევადებინათ ჯარი და არ იქნებოდნენ "პატრიოტები" როგორც თქვენ ეძახით, არამედ მონები, რომლებიც 1 წელი შლაგბაუმს უფასოდ აღებენ,"- განაცხადა გირჩის აპარატის თანამშრომელმა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმდჯომარე მიხეილ სარჯველაძემ კი გირჩის თანამშრომლის რეპლიკას შეურაცხყოფა უწოდა.
"ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ადამიანებს, რომლებიც ახლა სამხედრო სამსახურს იხდიან. ადამიანებს, რომლებმაც არ ისარგებლეს თქვენი სერვისით და მსახურობენ მათ მონებს ნუ უწოდებთ,"- განაცხადა სარჯველაძემ.
სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თამარ ჩარკვიანი, რომელმაც „გირჩის“ წევრების განცხადება გააკრიტიკა და თქვა, რომ მათგან საუბარი უნდა მიდიოდეს არა ჯარის გაუქმებაზე, არამედ „მაგარი ჯარის“ შეთავაზებაზე.