"ევროპელი სოციალისტები", პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვენ. ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წევრმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ფრიდონ ინჯიას თქმით, თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ უმრავლესობას არც კი განუხილავს ან უმსჯელია ამ საკითხზე.
ფრიდონ ინჯიას განცხადებას პოლიტიკურ წრეებში გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას 2008 წლის ომის გამოძიებაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც გააჩნია.
"რაის 2008 წლის გამოძიება, მეტი საქმე არ გვაქვს ამ ქვეყანაში ახლა? საერთაშორისო საზოგადოებამ კი არ გასცა სამყარომ გასცა ამას პასუხი, პუტინი გვეხმარება ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ისე, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს კომისიები," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.
პარლამენტის წევრს რომან გოცირიძეს კი მიაჩნია, რომ ის, რაც ნათელია არ არის კომისიის გამოსაძიებელი.
"არავისთვის წარმოადგენს რაიმე კითხვას, თუ ვინ არის აგრესორი და ვინ არის ბოროტების სათავე. თუ პარლამენტში უნდათ შეიქმნას 2008 წლის ომის გამოსაძიებელი კომისია, გამოდის, რომ პუტინს უპირებენ ჰააგის ტრიბუნალზე აყვანას, რადგან ის, რაც ნათელია, არ არის კომისიის მიერ გამოსაძიებელი და ძალიან კარგია, კიდევ ერთი არგუმენტი იქნება იმისა, რომ პუტინი ან სახრჩობელაზე უნდა ჩამოკიდონ, ან ჰააგის ტრიბუნალზე უნდა გასამართლდეს. სხვა რა უნდა დაადგინოს კომისიამ, იმის გარდა, რაც ვიცით, რომ პუტინის რუსეთი დაესხა საქართველოს თავს," - ამბობს რომან გოცირიძე.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2008 წლის გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის ადრესატი ვერ იქნება. მამუკს მდინარაძის თქმით, მას კითხვები გააჩნია, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნა საკმაოდ დელიკატური საკითხია.
"მე არ ვარ კითხვის ადრესატი - ან ომი ვინ დაიწყო, და რა მოხდა ამისი დეტალიზაციის ადრესატი მე არ ვარ, ამაზე კეთილი ინებონ და პასუხი გასცენ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მთელ მსოფლიოს დაბომბვის კადრები აჩვენეს 7 აგვისტოს, გვიან ღამით. ვინც განცხადებები აკეთა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე, ვინც შეტევაზე, სოფლებისა თუ დაბების აღებაზე ილაპარაკა, ვინც იმაზე ალაპარაკა თავისი სამხედროები მაშინ - დარწმუნებული ვარ, სამხედროები თავისით არ ილაპარაკებდნენ ამაზე, გენშტაბის უფროსი საუბრობდა, რომ რუსეთს რომ არ შემოესწრო, ჩვენი შეტევა სწრაფი უნდა ყოფილიყოო, მსგავსი კონტექსტი იყო - მათ აგონ პასუხი და მათ თქვან, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.
საგამოძიებო კომისიის შექმნა საკმაოდ დელიკატური საკითხია, თუმცა, რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი - დღეს მე პირადად მაწუხებს ეს კითხვა, მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მაწუხებს კითხვა, რატომ მოხდა, რომ ტალიავინის კომისიაში ასე დაიწერა, რეზოლუციაში ასე დაიწერა, ტალიავინის კომისიის დასკვნის ეს მოცემულობა გადავიდა ისტორიულ აღწერილობაში სტრასბურგმა როცა აბსოლუტურად სხვა თემაზე იმსჯელა. რატომ დაუჭირეს მხარი იმას, რომ ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინესო სამხედრო დანაშაული, რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი, რატომ იმოქმედეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამის გამოძიებას მე დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საზოგადოებრივ მოძრაობაში "ხალხის ძალა" ამბობენ, რომ 2008 წლის ომში საქართველო გამართლდა საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რაც საქართველოს პრინციპული გამარჯვებაა.
"ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, სადაც გამტყუნდა რუსეთის ფედერაცია ეს არის პრინციპული გამარჯვება საქართველოსი, მაგრამ მიუხედავად ამისა სამწუხაროდ რჩება ის კითხვის ნიშნები თუ რატომ მოაწერა ხელი მაშინდელმა ხელისუფლებამ, "ნაცმოძრაობამ" იმ რეზოლუციაზე ხელი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ საქართველოს სამხედროებმა დაიწყეს ომი ქვეყანაში. ამიტომ ბატონი ფრიდონის ეს კითხვები არის სავსებით ლეგიტიმური, თუმცა რაც შეეხება კონსულტაციებს ეს კონსულტაციები გაიმართება მათ შორის კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და ამ კონსულტაციების შემდგომ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები გვეცოდინება," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.