უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ კანონპროექტები პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორთან განიხილა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან დისკუსია სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ საკმაოდ რთული საუბარი და დებატი ჰქონდათ.
ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორის, ლაშა ტუღუშის თქმით, მათი პოზიცია შემდეგია, რომ კანონპროექტი მიმართულია არა ზოგადად, არამედ კონკრეტული ორგანიზაციების გამჭვირვალეობისკენ.
"გვქონდა ძალიან რთული საუბარი და სერიოზული დებატი შიგნით. განსაკუთრებით იმ ფილოსოფიასთან, იმ კანონის შინაარსთან მიმართებით, რომელიც ცალსახაა ჩვენთვის და არ იწვევს არანაირ დისკუსიას. მათი პოზიცია იყო რომ ეს არის მიმართული გამჭვირვალეობისკენ, ჩვენ ვამბობდით რომ ეს არის მიმართული არა ზოგადად გამჭვირვალეობისკენ, არამედ ამ ორგანიზაციების, რომლებიც არიან მხილებული სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებაში, იმათ გამჭვირვალეობისკენ, - ეს აბსოლუტურად სხვადასხვა მიდგომაა და აბსოლუტურად მიუღებელია ქვეყნისთვის," -
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, რომ დაფარონ საკუთარი ფინანსური შემოსავლები.
"ვფიქრობ შევთანხმდით იმაზე რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. ჩემი დაკვირვებით აქაც ჩანს რომ არის გარკვეული ნაწილი, რომელიც ცდილობს, რომ ზუსტად ეს ნაწილი დაბლოკოს მსჯელობის, გამჭვირვალობის ნაწილი. არის როგორც ჩანს ნაწილში, საჯარო დისკუსიას რასაც ვისმენ, მცდელობა, რომ დაფარონ საკუთარი ფინანსური შემოსავლები და ა.შ. არ არსებობს დღეს ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად გამჭვირვალე იყოს ეს ორგანიზაციები. დღეს არსებული სისტემა არის რომ ნებაყოფლობით ხდება ამის გამოქვეყნება, არიან ორგანიზაციები ვინც აქვეყნებენ, არიან ორგანიზაციები ვინც არ აქვეყნებენ. მათ შორის, რომლებიც აქვეყნებენ იქაც არის ორი ტიპის, რომელიც უფრო დეტალიზებული არის, მეორე ნაკლებად. თვითრეგულაციაზე მიტოვება ამ საკითხის აჩვენებს, რომ გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არ არის," - აცხადებს პაპუაშვილი.