სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც "უცხოური გავლენების შესახებ" კანონზე ვეტოს დადება დააანონსა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ვეტოს იდეას იზიარებენ და აცხადებენ, რომ ეს იქნება რუსული მოდელის გადმოტანა საქართველოში.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის გზავნილს იზიარებს.
"იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ეს იქნება ნამდვილად სიძულვილი საქართველოს იმ მოქალაქეების, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს და რა თქმა უნდა, რუსული კონცეპტუალური მოდელის გადმოტანა საქართველოში. ამიტომ, მე სრულად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის ამ გზავნილს და ნამდვილად ვეტო ზუსტად არის გზავნილი საერთაშორისო სამყაროსადმი, რომ არავინ, ვინც საქართველოს პროდასავლურ კურსს იზიარებს, არ არის იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც დღეს ქართული ოცნება და მისი განშტოებაა," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ცალსახად რუსული კანონია.
"პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შემდეგ მე მქონდა მოლოდინი, რომ თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ეს ჯერ კიდევ პროცესია და ვფიქრობ, ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართული ყველა ოპოზიციური ძალა, საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის პრეზიდენტი საკუთარი განცხადებებით, მაგრამ მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, თუ ის კანონად იქცევა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა მის უფლებას. იმიტომ რომ ეს კანონპროექტი არის ცალსახად რუსული კანონი," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.