14 ნოემბერი 2024,   21:11
ვრცლად
გახდება თუ არა ლევან იოსელიანი ახალი სახალხო დამცველი - გაჟღერებულ ინიციატივას ჯერ აქტიური მოწინააღმდეგე არ ჰყავს

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელი, ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერას მიიღებს და კონსენსუსის საფუძველზე მისი არჩევის შემთხვევაში შესრულდება ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის ერთი პუნქტიც, რომელიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად სჭირდება.

იოსელიანს ღია მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ოპოზიციის ნაწილმა. მის კანდიდატურასთან პრეტენზიები არც იაგო ხვიჩიას აქვს, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტს სულ ცოტა ხმის წინ საკუთარ კანდიდატურასაც სთავაზობდა.

გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს გახარიას გუნდი. პარტიაში ამბობენ, რომ იოსელიანი პოლიტიკური ფიგურაა, სახალხო დამცველი კი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

იოსელიანის მიმართ პირად სიმპათიებს არ მალავენ მოძრაობა "ხალხის ძალაში", თუმცა ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არა ინდივიდუალურად, არამედ უმრავლესობის ფორმატში უნდა მიიღონ.

ლევან იოსელიანის პროფესიონალიზმზე მიუთითებს მმართველი გუნდიც, რომელსაც პარტია "მოქალაქეებთან" კონსულტაციები უკვე ჰქონდა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ არაერთგვაროვანი პოზიცია შესაძლოა იოსელიანის პოლიტიკურმა საქმიანობამ გააჩინოს, რის გამოც "ქართული ოცნება" საკითხს, ორშაბათს უმრავლესობის სხდომაზე განიხილავს და მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

სახალხო დამცველის არჩევის საკითხი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა გადაწყვიტოს. სახალხო დამცველის ასარჩევად კი მაღალი კვორუმი, ანუ დეპუტატთა მინიმუმ 90 ხმაა საჭირო.

 

ავტორი: ანი ბუავა

დღის ამბები