14 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
"აბრეშუმის გზის" ფორუმი გრძელდება - დაგეგმილია ბიზნესის წარმომადგენლების პირისპირ შეხვედრები

"აბრეშუმის გზის" ფორუმი გრძელდება, დღეს მეორე დღეა. მთავარი საკითხი საინვესტიციო გარემოს განხილვაა. დაგეგმილია ბიზნესის წარმომადგენლების პირისპირ შეხვედრები. გაფორმდება მემორანდუმები სარკინიგზო მიმართულებით სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან.

პანელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ საქართველო აძლიერებს პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობას.

"ეს ფორუმი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა უცხოური კომპანიებისთვის. ჩვენ ვაპირებთ ამ კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა. საქართველოში ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ენერგორესურსები ათვისებული. გვსურს ამ კუთხით ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება. მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ვაძლიერებთ პოტენციურ ინვესტორებთან ჩვენს ურთიერთობას. ეს საკითხი სიღრმისეულად იქნება განხილული. საქართველოს მთავრობის სახელით კი მინდა მზად ყოფნა გამოვხატო მხარდამხარ მუშაობისთვის," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" ეკონომიკური მიმართულების დირექტორის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მსგავსი რანგის ფორუმის განუყოფელი ნაწილია პოლიტიკურ მდგენელთან ერთად, ბიზნესზე აქცენტები. 

"მსგავსი რანგის ფორუმის განუყოფელი ნაწილია პოლიტიკურ მდგენელთან ერთად აქცენტები ბიზნესზე, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აბრეშუმის გზის ფორუმის შინაარსზე. ძირითად შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ პოტენციური ინვესტორების მხრიდან ველოდეთ სტრატეგიულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, არა მხოლოდ საქართველოს ზოგად საინვესტიციო გარემოდან მისაღებ გადაწყვეტილებებს, არამედ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებს, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა როგორც არასდროს, არის ეს შესაძლებლობა, როდესაც ყველა მხარეა დაინტერესებული, საქართველოს იყოს დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.  

ფორუმი გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მასპინძელი ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი გამოსვლა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო.

მთავრობის მეთაურმა აქცენტი გააკეთა მარშრუტის ისტორიულ როლზე, რომელიც წლების განმავლობაში დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგა ლიდერებს უმასპინძლა და მათთან ერთად ერთობლივი ფოტოც გადაიღო.

დღის ამბები