შევთანხმდით, რომ ყველა იმ პენსიონერს, რომლებიც ჯერჯერობით ვერ ან არ სარგებლობენ განახლებული პირობებით და შემცირებული პროცენტით, შევუმციროთ პროცენტები და გადავიყვანოთ ახალ, 2023 წლის შემდეგ მოქმედ შემცირებულ პროცენტებზე, - ამის შესახებ "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თარიღებისა და სხვა ეტაპების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
"გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ეროვნულ ბანკთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმ პენსიონერს, რომლებიც ჯერჯერობით ვერ ან არ სარგებლობენ განახლებული პირობებით და შემცირებული პროცენტით, შევუმციროთ პროცენტები და გადავიყვანოთ ახალ, 2023 წლის შემდეგ მოქმედ შემცირებულ პროცენტებზე. ამ ყველაფრის განხორციელების ტექნიკურ გზებზე ჩვენ კიდევ უნდა ვიმუშაოთ. შესაბამისად, შემდეგ ვაცნობებთ საზოგადოებას აღსრულების ნაწილში თარიღებს და სხვა ეტაპებს," - განაცხადა ბექა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ეროვნული ბანკისა და "ლიბერთი ბანკის" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.