150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება - ამის შესახებ ეროვნულ ბანკსა და "ლიბერთი ბანკთან" პრემიერის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ იმ პენსიონერებს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს.
"საუბარია იმ პენსიონერებზე, რომლებიც საპენსიო სესხის ამღებები არიან და რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს. ეს არის საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებული სესხები, ეხება ოვერდრაფტებსა და ჩვეულებრივ სესხებს. "ლიბერთი ბანკმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ სესხის პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდან არის მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ანუ პროცენტების სერიოზული შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2023 წლამდე. საშუალოდ, ეს სესხები 30 პროცენტზე ზევით არის. ჩვენი ინფორმაციით, ასეთია 150 000-ზე მეტი სესხი.
შესაბამისად, ეს სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც, ამავდროულად, "ლიბერთი ბანკის" ფინანსურ მდგომარეობასაც არ გააუარესებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული," - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ეროვნული ბანკისა და "ლიბერთი ბანკის" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.