გადაწყვეტილება მიღებულია, 151 ათასზე მეტ მოქალაქეს საპენსიო სესხის პროცენტი შეუმცირდება. საუბარია იმ პენსიონერებზე რომლებმაც სესხი ან ე.წ. ოვერდრაფტი 2023 წლამდე აიღეს. ანუ თუ ამ დრომდე ასეთი კატეგორიის პენსიონერები სესხზე 30 პროცენტზე მეტს იხდიდნენ, მათი გადასახადი 25 პროცენტამდე შემცირდება.
შეღავათია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სესხის მქონე პენსიონერებს ცუდი გამოცდილება დაუგროვდათ. 2023 წლამდე 40-50%-იანი, უფრო ადრე კი 80 -100%- იანი დამატებითი გადასახადი მათთვის გაუგებარი და მძიმე ტვირთი იყო.
შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად, 2023 წლიდან 25%-იანი ზედა ზღვარი დაწესდა. ამის მიუხედავად დაახლოებით 151 000 პენსიონერს, ვისაც სესხი მანამდე ჰქონდა აღებული შეღავათი არ შეხებია. ამჯერად მიღებულია ახალი გადაწყვეტილება, რომ პროცენტი მათაც უნდა შეუმცირდეთ და მათზეც ახალი მიდგომა უნდა გავრცელდეს.
შეთანხმება პრემიერმინისტრის ეროვნული ბანკისა და "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ შედგა. მხარეები ახლა ბოლო ტექნიკურ დეტალებს ათანხმებენ. წინასწარი გაანგარიშება ასეთია - პროცენტის შემცირებით პენსიონერები მთლიანობაში 8 მილიონამდე ლარს დაზოგავენ. ცვლილების დეტალები ნათია თურნავამ დღეს პარლამენტშიც განმარტა.
გადაწყვეტილება ორმხრივად მომგებიანია "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის შეფასებით. ბექა გოგიჩაიშვილი "კურიერთან" ამბობს, რომ ამგვარი სოციალური პასუხისმგებლობის აღებით ბანკის მიმართ მომხმარებლის ლოიალურობა გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანი სარგებელია.
საპენსიო სესხების პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ძალაში რამდენიმე დღეში შევა. დეტალებს და დამატებით ინფორმაციას "ლიბერთი ბანკი" უახლოეს პერიოდში საჯაროდ გაავრცელებს და სესხის მქონე პენსიონერებს კონკრეტული შეღავათისა და ახალი პირობების შესახებ აცნობებს.