16 მაისი 2024,   04:04
ვრცლად
ვიეტნამელ მილიარდერს 44 მილიარდი დოლარის მითვისებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

ყველაზე მასშტაბური საქმე ვიეტნამის ისტორიაში - ასე უწოდებს მედია უძრავი ქონების დეველოპერის, თროუნგ მაი ლანის საქმეს, რომლის მტკიცებულებებიც 104 სხვადასხვა ყუთშია მოთავსებული და 6 ტონას იწონის. საქმის ფარგლებში დაიკითხა 2 700 ადამიანი, სასამართლო პროცესში ჩართული იყო 10 პროკურორი და 200-მდე ადვოკატი. თროუნგ მაი ლანთან ერთად საქმეზე კიდევ 45 ადამიანი გაასამართლეს.

ქვეყნის უდიდესი ბანკის თაღლითურად ძარცვა 11 წლის განმავლობაში - ეს არის ბრალდება, რის გამოც 67 წლის თროუნგ მაი ლანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მსჯავრდადებულმა საიგონის კომერციული ბანკიდან თაღლითური გზებით 44 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოიტანა. პროკურორების მტკიცებით, ბანკი გაცემული თანხიდან 27 მილიარდ დოლარს ვერასოდეს დაიბრუნებს.

ვიეტნამური კანონით, ფიზიკურ პირს ბანკის აქციების 5%-ზე მეტის ფლობა ეკრძალება, თუმცა პროკურორები აცხადებენ, რომ ასობით სატელიტი კომპანიისა და მის მიერ მართული ადამიანების მეშვეობით, თროუნგ მაი ლანი რეალურად ფლობდა საიგონის კომერციული ბანკის აქციების 90%-ზე მეტს.

თროუნგ მაი ლანმა საკუთარი ძალაუფლება გამოიყენა იმისთვის, რომ ჯერ საკუთარი ხალხი დაენიშნა ბანკში საპასუხისმგებლო პოზიციებზე, ხოლო შემდეგ მათ ასობით სესხის დამტკიცება დაავალა იმ სატელიტი კომპანიებისთვის, რომლებსაც თავად აკონტროლებდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ამ მაქინაციების შედეგად, მის მიერ აღებულმა თანხამ ბანკის მთლიანი სესხების 93% შეადგინა.

საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლიდან სამი წლის განმავლობაში, მსჯავრდადებულმა თავის მძღოლს ბანკიდან 4 მილიარდ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გამოტანა და სარდაფში შენახვა უბრძანა.

თროუნგ მაი ლანს ასევე ადანაშაულებენ ბანკის თანამშრომლების მოსყიდვაში. მასთან ერთად ამ საქმეზე ცენტრალური ბანკის მთავარი ინსპექტორიც გაასამართლეს, რომელსაც 5 მილიონი დოლარის ქრთამად აღებას ედავებიან.

დღის ამბები