30 დეკემბერი 2024,   21:54
ვრცლად
როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ და ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო- აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დასავლეთიდან მომავალი კრიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველოსთან მიმართებაში პარტნიორების კრიტიკული დამოკიდებულება მაშინვე შეიცვლება.

"ჩვენთვის არის ერთი რამ მთავარი. როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი და ეს მოხდება მომავალ წელს, გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. შესაბამისად, აღარავის ემახსოვრება ასეთი უსამართლო რეზოლუციები. აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები. მგონია, რომ როგორც კი დასრულდეს უკრაინაში ომი, მაშინვე ჩვენ ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს, როგორ ევროკავშირის მხრიდან, ასევე ამერიკის შეერწყმები შტატების მხრიდან.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ასევე ისაუბრა სანქციებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ მომენტისთვის სანქციების დაწესებას არ ელოდება, რადგან ეს თემა არ არის აქტუალური.

"არ მგონია, ეს არ არის აქტუალური საკითხი. მგონია, რომ მომავალი წლიდან თვისობრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც ევროკავშირთან ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. როგორც კი უკრაინის ომი დასრულდება, შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას მივიღებთ. აქედან გამომდინარე, დროებით მოვლენებზე, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი ამოცანაა გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება მომავალი წლიდან.

უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი რატომაც კონკრეტულ ძალებს აქვთ განსხვავებული ინტერესები საქართველოს მიმართ. როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ და ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გადატვირთვას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები