27 ოქტომბერი 2024,   17:10
ვრცლად
ეუთო/ოდირი: "26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მოსახლეობას საკმაოდ დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა, კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმართვა შეძლეს"

საფრანგეთის სენატის წევრმა პასკალ ალიზარდმა ევროპის საბჭოსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წინასწარი ანგარიში წარმოადგინა.

ალიზარდის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მოსახლეობას საკმაოდ დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა, კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმართვა შეძლეს, თუმცა კამპანიის რიტორიკა და მისი იმიჯები ძალიან დიდი განხეთქილებების შემომტანი იყო.

"ჩვენი სადამკვირვებლო მისია ნამდვილად წარმოადგენდა ერთობლივ ძალისხმევას და სამუშაოს. დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა ამ არჩევნებს, რაც ადასტურებს თუ რამდენად ძლიერია მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებიდან საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენი ერთობლივი მისია შედგებოდა 530 დამკვირვებლებისგან ეს დამკვირვებლები იყვნენ 42 ქვეყნიდან, რომლებიც გადანაწილებულები იყვნენ ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის დღეს. მათ შორის იყო 380 ეუთო/ოდირის დამკვირვებელი და ექსპერტი. 61 იყო საპარლამენტო დამკვირვებელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან. 39 იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, 38 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, ხოლო 12 იყო ევროპარლამენტიდან.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ადგილზე აკვირდებოდა ამ მნიშვნელოვან არჩევნებს არა მარტო გუშინ, არამედ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ თვისობრივად. საარჩევნო პროცესის ჩვენი ერთობლივი შეფასება ეფუძნება კენჭისყრის დღეს დაკვირვების შედეგად მიღებულ შეფასებას, რასაც თან ახლავს გრძელვადიანი და თვისობრივი შეფასებების შედეგები, რომელიც ეუთო/ოდირმა განახორციელა.

მინდა, წარმოგიდგინოთ დასკვნები და მიგნებები ჩვენი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის შედეგად. ჩვენი სრული განაცხადი ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი. მაშინ, როდესაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მოსახლეობას საკმაოდ დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა, რადგანაც იყო 18 კანდიდატი, ასევე აქ გამოიკვეთა პოლარიზება და არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად და უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატებმა შეძლეს თავისუფლად წარმართვა, თუმცა კამპანიის რიტორიკა და მისი იმიჯები ძალიან დიდი განხეთქილებების შემომტანი იყო.

განსაკუთრებით იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებზე და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე და სწორედ ეს იყო ფართოდ გავრცელებული კამპანიის დროს. ასევე, როდესაც ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა კენჭისყრის დღეს, ეს ბადებს ეჭვებს იმაზე თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს, რომ ხმა მიეცა დაშინების და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე. რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, ეს ადეკვატურ საფუძველს იძლეოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაგრამ ხშირი და ბოლოდროინდელი ცვლილებები, ნამდვილად ბადებს ეჭვებს ამ კანონმდებლობის გამოყენების მიმართ პოლიტიკური გამორჩენის მიზნით", - განაცხადა პასკალ ალიზარდმა.

დღის ამბები