18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის გამო საბუთების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და მთავრობა, რომელიც ოკუპაციას უარყოფს 

საოკუპაციო რეჟიმმა, სოფელ არცევის მოსახლეობის ნაწილი საბუთების გარეშე დატოვა. მოქალაქეები, რომლებსაც ქართული პასპორტები ჰქონდათ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩამოართვეს და სანაცვლოდ ოსურ პასპორტებს დაჰპირდნენ, თუმცა უსაბუთოდ დატოვეს. მავთულხლართების მიღმა დარჩენილმა მოქალაქეებმა პროტესტი ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის მთავრობის შენობასთან გამართეს და დოკუმენტების გაცემა მოითხოვეს. ისინი, უკვე 5 წელია ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან და ცხინვალისგან პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.

სოფელ ქვეშში მაცხოვრებლები კი საზღვარს იშვიათად უახლოვდებიან, ისინი ამბობენ, რომ საკუთარ ოჯახის წევრები და ნათესავები, რომლებიც სოფელ არცევში არიან, შესაძლოა წელიწადში ერთხელ შორიდან ნახონ, ისიც რუსმა სამხედროებმა თუ მისცეს უფლება აღდგომა დღეს საერთო სასაფლაოზე ავიდნენ.

დედაქალაქიდან კი ამ დროს ისმის განცხადება, რომ მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს - ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ამ პროცესს "საზღვრების და ფარგლების" დადგენა უწოდა და პასუხისმგებლობა კვლავ საქართველოს წინა ხელისუფლებას დააკისრა.

სანამ მთავრობა მცოცავი ოკუპაციის არსებობას უარყოფს, მავთულხლართებში საქართველოს სულ უფრო მეტი ნაწილი ეხვევა, სოფელ ქვეშში მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს, რომ უახლოეს მომავალში მათ მიწებზე რუსი ოკუპანტები ხნულებს გაავლებენ, რაც იმათ ნიშნავს რომ ტერიტორიების კიდევ ერთი ნაწილს ოკუპირებულის სტატუსი ექნება.

დღის ამბები