პაროდისტ და პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილზე 14 ივნისს მომხდარი თავდასხმის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ადამიანი, არტიომ აგაჯანოვი, 15 ივლისს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
მას ბრალად როსტომაშვილზე ყაჩაღურ თავდასხმაში თანამონაწილეობა ედება.
აგაჯანოვის ადვოკატის განცხადებით, პოლიცია მისი დაცვის ქვეშ მყოფს აბრალებენ, რომ ამავე საქმეზე დაკავებულების ბექა კირვალიძისა და ზურაბ ქუთელიას გადაადგილებას საკუთარი მანქანით უზრუნველყოფდა.
ასევე დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ზურაბ ქუთელიას ადვოკატი, ლექსო კობაიძე, აცხადებს, რომ არტიომ აგაჯანოვმა დაკავების დღეს მიცემულ ჩვენებაში პოლიციის ვერსია უარყო და თქვა, რომ ქუთელია მისი მანქანით არ გადაადგილდებოდა, თუმცა ლექსო კობაიძე დარწმუნებულია რომ სამართალდამცველები ჩვენების შეცვლის მიზნით აგაჯანოვზე ზეწოლას ახდენენ.
აღსანიშნავია, რომ როსტომაშვილის საქმეზე პოლიციამ ზურაბ ქუთელია მას შემდეგ დააკავა, რაც მათ თბილისის სამმართველოს ეზოდან ამავე საქმეზე ცხელ კვალზე დაკავებული ბექა კირვალიძე გაექცათ. ქუთელიას ადვოკატის აზრით, პოლიციამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმიტომ დააკავა, რათა დაშვებული შეცდომა როგორმე გამოესწორებინათ.
მიმალული ბექა კირვალიძის დედა, ლია ბეჟაშვილი, კი აცხადებს, რომ სამართალდამცველებს მტკიცებულებები ამ დრომდე არ აქვთ.
თავად დავით როსტომაშვილს ამ საკითხზე საუბარი არ სურს. მისი თქმით, ისე ამ საკითხზე განცხადებას, სავარაუდოდ, ორშაბათს გააკეთებს.