მცხეთის რაიონის სოფლების - მსხალდიდისა და მუხათწყაროს, მოსახლეობა გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მსხალდიდის მოსახლეობამ არჩევნებამდე გზის დაგებისა და წყლის პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღო, თუმცა უშედეგოდ. სოფელში საერთოდ არ არსებობს სარწყავი წყალი და კანალიზაცია.
მსხალდიდი წლების განმავლობაში თბილისის, სამგორის, შემდეგ გარდაბნის რაიონს ეკუთვნოდა, ახლა კი მცხეთის ერთეულია. თუმცა, მდებარეობით ის ქალაქიდან საკმაოდ შორს, ლისის ტბის გზიდან 15 კილომეტრშია. რაიონული კუთვნილებისა და მდებარეობის გამო, მსხალდიდელებს პრობლემები სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების დროსაც ექმნებათ.
პრობლემები მსხალდიდის მეზობელი სოფლის -მუხათწყაროს, მოსახლეობასაც აწუხებს. აქაც მთავარი პრობლემა გზაა, თუმცა მსხალდიდისგან განსხვავებით, არჩევნების შემდეგ სოფელში გამგეობის წარმომადგენელი მოსახლეობას შეხვდა. ის მუხათწყაროში გზის შესაკეთებელი სამუშაოების შესრულებისთვის ფულის შესაგროვებლად მივიდა.