„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია სანზონაში, ნევროლოგიური ინსტიტუტის ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს შეხვდა.
შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, დაზიანებულია სახურავი, საყრდენი კედლები, რის გამოც რამდენიმე უბედური შემთხვევაც მოხდა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლებას პრობლემების გადაჭრა და მძიმე პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების 70 ლარით, ხოლო პენსიონერებისთვის პენსიის 50 ლარით გაზრდა, ბიუროკრატიისა და არამიზნობრივი, ფუფუნებაზე დახარჯული თანხების შეკვეცით შეუძლია.
„ამ ადამიანებს უწევთ ავარიულ, კატასტროფულ, მძიმე პირობებში ცხოვრება. ელემენტარული მცდელობაც კი, რომ მოწესრიგდეს, წყალი არ წვეთავდეს, სამშენებლო ნაგავი, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვებულია აქედან გავიდეს, ამასაც კი არ აკეთებენ. მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ მილიონები იხარჯება ფუფუნებაზე, მილიონები იხარჯება რბილ ავეჯზე, ფურშეტებზე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.