18 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
სროლის ხმა თბილისის სამთავრობო კვარტალთან ახლოს - თბილისის ცენტრში მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის მოტივი კრიმინალური გარჩევა გახდა. გარჩევის კონკრეტული დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობის ოფიციალურ მოტივზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ჭონქაძის ქუჩაზე 45 წლის კახა ძნელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

სროლის ხმა თბილისის სამთავრობო კვარტალთან ახლოს ისმოდა. შეიარაღებული თავდასხმის ადგილიდან უშიშროების სამსახური, პარლამენტის შენობა და მთავრობის ადმინისტრაცია 500 მეტრით არის დაცილებული. მკვლელობა, გარდა იმისა, რომ სამთავრობო კვარტალთან ახლოს მოხდა, ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს ფუნიკულიური, რომელიც ტურისტულად აქტიური ადგილია. მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ყავს.

ამ დრომდე ჭონქაძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, თუმცა თავდამსხმელი არ დაუკავებიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ავტომობილით გადაადგილდებოდა და მას თავზე ჩაფხუტი ეფარა. თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. 

ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები, მათ შორის მისი მეუღლე და შვილები, იმყოფებოდნენ. ისინი ამ წუთებში დაკითხვაზე არიან გადაყვანილი. 

დღის ამბები