სოფელ დაბაში, ძლიერი ქარის გამო, ხანძარი გაძლიერდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდეს.
ცეცხლი ახლოს მდებარე ტყის მასივს მოედო და არის საშიშროება, რომ წიწვოვანი ხეები დაიწვას.
ის ტერიტორია, სადაც ხანძრის კერებია, მიუვალი ადგილია. შესაბამისად, ტექნიკა ვერ ახერხებს უშუალოდ შემთხვევის ადგილამდე მისვლას.
ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზებისთვის ერთი ვერტმფრენი მუშაობს. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც დღეს დასრულდა და უახლოეს პერიოდში ვერტმფრენები საქართველოს საზღვარს გადმოკვეთენ. შვეულმფრენები ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაერთვებიან.