მრავალშვილიანი ოჯახი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, გარემოცვას ტერორსა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
ვეფხია ღვალაძე დღეს 10 შვილთან ერთად ამერიკის საელჩოსთან მივიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ღვალაძემ იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელიც ე.წ. კახური კლანის წევრებისგან მომდინარეობს.
მისი თქმით, ოჯახს ქართული ოცნების ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, ზვიად ჯანყარაშვილი და გზების დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე, იოსებ ქადაგიშვილი, ემუქრებიან.
საუბარია 2014 წელს კახეთში, სუფრასთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც, ღვალაძის მტკიცებით, მას ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაზარალებული ყვება, რომ ერთი თვის წინ მთავარი პროკურატურიდან საქმის მიმდინარეობს შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მას თავს ნიღბიანი პირი დაესხა და ოჯახის წევრების ლიკვიდაციით დაემუქრა
ამერიკის საელჩოს შემდეგ, დღესვე ღვალაძეებმა საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან გამართეს. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სოფელ კარდენახში მომხდარ შემთხვევაზე ძიება 2014 წელს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა. ვეფხვია ღვალაძე ირწმუნება, რომ დამნაშავეებს ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მფარველობს და მთავარი საგამოძიებო უწყება საქმის ძიებას სწორედ ამ მიზეზით აჭიანურებს.
ბრალდებებს დღეს სოციალური ქსელით უპასუხა იოსებ ქადაგიშვილმა.
ყოფილი მაღალჩინოსანი ღვალაძეს სიცრუეში ადანაშაულებს და 2014 წელს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. ქადაგიშვილი ბრალდებებს ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
სუფრაზე მომხდარ დაპირისპირებას ადასტურებს დემურ ჯაგაშვილი, რომელიც ინციდენტის დღეს ყოფილ მაღალჩინოსნებს და ვეფხია ღვალაძეს მასპინძლობდა.
ფიზიკური ანგარიშსწორების თვითმხილველი აცხადებს, რომ ჩხუბი ღვალაძეს და სუფრის წევრებს შორის ნამდვილად მოხდა, თუმცა მასში მონაწილეობას ქართული ოცნების მაშინდელი აღმასრულებელი მდივანი, ზვიად ჯანყარაშვილი და გზების დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე, იოსებ ქადაგიშვილი, არ იღებდნენ.