თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში პირველად ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა მზის სრული დაბნელების თვითმხილველი გახდა. ცეცხლოვანი ვარსკვლავი ამოსვლისთანავე მთვარის ჩრდილ ქვეშ მოექცა და, დაახლოებით, საათნახევარში მთლიანად დაიფარება.
უნიკალური მოვლენის ნახვა ყველაზე ნათლად 14 შტატშია შესაძლებელი. NASA-ს მეცნიერებმა მას სახელიც უკვე შეურჩიეს და დიდი ამერიკული დაბნელება უწოდეს.
მზემ მთვარის ჩრდილში მოქცევა, ამერიკის დროით, დილის 9 საათსა და 4 წუთზე დაიწყო. პირველი ლოკაცია, საიდანაც პროცესის დანახვა იყო შესაძლებელი, ორეგონის შტატში ნიუ-პორტის შუქურაა. იშვიათი ბუნებრივი მოვლენა სულ 3 საათსა და 14 წუთს გაგრძელდება.
ამერიკელი მეცნიერები ამ ბუნებრივ მოვლენას უნიკალურად მიიჩნევენ, რადგან ეს პირველი შემთხვევაა 1918 წლის შემდეგ, როდესაც მზის სრული დაბნელების ნახვა მხოლოდ შეერთებული შტატების ტერიტორიიდან და ჩრდილო ამერიკის კონტინენტის ორივე სანაპიროდანაა შესაძლებელი.
უნიკალური ბუნებრივი მოვლენის სანახავად ამერიკელების დიდი ნაწილი იმ ქალაქებში გაემგზავრა, სადაც მზის დაბნელებაზე დაკვირვებას შეუიარაღებელი თვალით ყველაზე კარგად და დიდი ხნის განმავლობაში შეძლებენ.
უნიკალური კადრების და მონაცემების მოსაპოვებლად NASA-ს ექსპერიმენტში მონტანას უნივერსიტეტის მკვლევარებიც ჩაერთვნენ. მეცნიერებმა საგანგებოდ დაამზადეს მაღალი გამძლეობის საჰაერო ბურთები, რომლებზეც ვიდეო და ფოტოკამერები დაამაგრეს და მზის დაბნელების პროცესის გადასაღებად რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე გაუშვეს.
ისტორიული ბუნებრივი მოვლენაზე დაკვირვებას 12 მილიონი ამერიკელი გეგმავს.