არასამთავრობო ორგანიზაციები ბორჯომის ხეობაში ხანძართან დაკავშირებით პრემიერთან შექმნილი კრიზისების მართვის საბჭოს არაეფექტურობასა და არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ.
ფლანგვის დეტექტორი მინდია ჯანელიძეს ყველაზე ძვირადღირებულ საჯარო მოხელედ მოიხსენიებს, რადგან მან ხელფასისა და დანამატის სახით 2016 წელს 95 ათას ლარამდე აიღო.
მთავრობისა და კრიზისების მართვის საბჭოს მუშაობაზე სტიქიის დროს კითხვების აქვთ ოპოზიციაშიც. ოპოზიცია ხელისუფლებას მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან არასწორ კომუნიკაციაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ დახმარებისთვის ოფიციალურ თბილისს ხანძრის პირველივე დღეს უნდა მიემართა.
დაგვიანებულ რეაგირებაზე გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ღვალაძეც, საუბრობდა.
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრიდან მხოლოდ მეორე დღეს პროცესში ჩართვა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით გაამართლა. მინდია ჯანელიძე ამტკიცებს, რომ მთავრობისა და საბჭოს რეაგირება სტიქიაზე დაგვიანებული არ იყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, კი ამტკიცებს, რომ მსგავსი მასშტაბის ხანძართან ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებსაც უჭირთ.