18 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
სტიქია ბორჯომის ხეობაში - ამ წუთებში პრემიერი და მთავრობის სრული შემადგენლობა, საგანგებო შტაბშია მობილიზებული

ამ წუთებში პრემიერი და მთავრობის სრული შემადგენლობა ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბშია მობილიზებული. სტიქიის ზონაში რჩებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.

შს მინისტრის განცხადებით, რომელიც ასევე შეხვედრას ესწრება, განაცხადა, რომ მდგომარეობას ძლიერი ქარი ართულებს.

გიორგი მღებრიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველოს დასახმარებლად ბელორუსიდან ვერტმფრენი ხვალ ქვეყანაში შემოფრინდება.

„ხანძრის ინტენსიური ქრობა მიმდინარეობს, ჩართულია 5 ვერტმფრენი, ორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთი აზერბაიჯანის, ორი თურქეთის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმარისზე მეტი ძალა იმისთვის, რომ ასეთი დონის ხანძარს გავუმკლავდეთ, თუმცა ძალიან გვიშლის ხელს ქარი,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, განცხადებით დღეს სტიქიას 400-ზე მეტი ადამიანი და მრავალრიცხოვანი ტექნიკა ებრძოდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, სტიქიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვითარება იმაზე უკეთესია, ვიდრე ის იყო გუშინ ღამით, ან დღეს შუადღეს.

„ხვალისთვის უფრო მეტად მომზადებული ვართ, რადგან გზები გვყავს გაყვანილი, მძიმე ტექნიკა მთელი ღამე იმუშავებს,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

გარდა ამისა, სტიქიის ზონაში ცვალებადი მიმართულების ძლიერმა ქარმა დღის მეორე ნახევარში ვითარება კიდე უფრო გაართულა და ავიაცია იძულებული გახდა, დროებით მუშაობა შეეწყვიტა. ამის გამო ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.

ცეცხლმა ყველაზე დიდი საფრთხე სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნა. ამის გამო მთავრობაში ევაკუაციის გეგმაც განიხილება, თუმცა საგანგებო შტაბის წევრები იმედოვნებენ, რომ ეს საჭირო არ გახდება.

დახმარების შემოთავაზება საქართველომ რუსეთიდანაც მიიღო, თუმცა მთავრობაში ამ ეტაპზე მათი ავიაციის ჩართვის საჭროება არ განიხილება.

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები