ბორჯომში, სტიქიის მეექვსე დღეს, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში სამხედროები ერთვებიან. აღმოსავლეთ სარდლობის ათასამდე ჯარისკაცი სოფელ დაბის ტერიტორიაზე დილის 06:00 საათზე გამოჩნდა. კვლავ განაახლა დილიდან მუშაობა ავიაციამ. დილით მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით მორიგი თათბირიც გაიმართა საგანგებო შტაბში.
„დადგა საჭიროება უფრო მეტი ცოცხალი ძალის. ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი. 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთის სარდლობის და მათთან ერთად და აქამდე ვინც მუშაობდა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სოფელ არდაგანის სასაფლაოს ტერიტორია, სადაც გუშინ საღამოს კვლავ გაძლიერდა ხანძარი და სასაფლაოს კიდევ უფრო მიუახლოვდა, არის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სადაც დღეს ქრობითი სამუშაოების კონცენტრირება მოხდება.
„არდაგანში იყო წუხელ ცოტა გართულებული სიტუაცია, მაგრამ ავიაციის და ცოცხალი ძალის მეშვეობით შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალებაც ისე, რომ იქ არ გართულდეს. დღეს ერთ-ერთი ზონა, რომელზეც კონცენტრირება ხდება არის ეგ. პრინციპში ორად არის გაყოფილი ცოცხალი ძალა, წაღვერის მონაკვეთზე იმუშავებს დღემდე არსებული ძალა, რომელიც ამ ეტაპზე მუშაობდა, დანარჩენ ზონებზე სავარაუდოდ საჯარისო ნაწილს, ცოცხალ ძალას განვათავსებთ.
"აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტში, როდესაც ჩვენს მიერ გაყვანილი გზებით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან,“-აცხადებს პრემიერი.