06 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
მოხალისე მებროძლის ამინა ოკუევას მკვლელობას რუსეთის სპეცსამსახურს უკავშირებენ

კიევში მომხდარ მორიგ თავდასხმას, რომელსაც ჩეჩნური ბატალიონის მოხალისე, ამინა ოკუევა ემსხვერპლა, რუსეთის სპეცსამსახურს უკავშირებენ. მანქანა, სადაც ოკუევა მეუღლესთან, ადამ ოსმაევთან ერთად იმყოფებოდა, უცნობებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს. ოკუევა ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე კი მძიმედ დაიჭრა.

გლევახას დასახლებაში, სადაც თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამართალდამცველებისთვის ამ დრომდე უცნობი რჩება დამნაშავეების ვინაობა, რომლებმაც დონბასში მებრძოლ მოხალისე ცოლ-ქმარს ცეცხლი გაუხსნა.

უკრაინის პოლიციამ ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ტერაქტის ვერსიასაც არ გამორიცხავს.

ოსმაევი აცხადებს, რომ მათ იმ დამნაშავეებმა ესროლეს, რომლებმაც ერთი კვირის წინ რადას დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი ააფეთქეს.

წყვილზე ეს პირველი თავდასხმა არ ყოფილა. ივნისში ცოლ-ქმარი ფრანგული გამოცემის "ლე მონდის" ჟურნალისტს ინტერვიუზე შეუთანხმდა. თუმცა გაირკვა, რომ ის კილერი იყო და ოსმაევს მანქანაშივე ესროლა. მებრძოლი, რომელიც უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მკვლელობის ორგანიზებისთვის ჯერ კიდევ 2012 წელს დააკავეს, მძიმედ დაიჭრა. მაშინ მისი მეუღლე უვნებელი გადარჩა.

 

დღის ამბები