20 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
მიმდინარე წლის ბიუჯეტი 305 მილიონი ლარით იზრდება 

საქათველოს პარლამენტი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით გაზრდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, თანხები დარჩენილ ერთ თვეში ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას მოხმარდება.

„ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ ფულადი რესურსი დაუგეგმავი ეკონომიკური ზრდის შედეგად დაგროვდა.

„ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაქვს გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს იყო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ჩვენ დამატებითი შემოსავლები მიმდინარე წელს. შესაბამისად, იზრდება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები და ასევე იზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, რაც ძირითადად მოხმარდება 2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

ოპოზიცია კი მმართველ გუნდს არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს და არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტისთვის საყვედურობს.

„დღევანდელი ცვლილებები მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ეს 305 მილიონი ლარი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯვის ნაცვლად, დაიხარჯოს ისევ ბიუროკრატიის ფუფუნებაში და სამინისტროების უმაქნის პროგრამებში. ეს არის მიზეზი, რის გამოც „ევროპული საქართველო“ ბიუჯეტს მხარს არ უჭერს,“ - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.

საბიუჯეტო მონაცემების მანიპულაციებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძის თქმით, მთავრობამ ფული ძველი ნაშთებიდან აიღო, რისი გამოყენებაც კიდევ უფრო დაამძიმებს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას.

„ეს ფული აიღეს პირდაპირ ძველი ნაშთებიდან და მანამდე ამას არ ჰკიდებდნენ ხელს, იმის გამო, რომ მას შეეძლო ძალიან ცუდი ზემოქმედება მოეხდინა თუნდაც ფასებზე და ლარის კურსზე. ეს არის ფაქტობრივად მანიპულაციები საბიუჯეტო მონაცემებით, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ამძიმებს მომავალი წლის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას,“ - ამბობს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.

დღის ამბები