სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევია. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გააკეთა.
სუს-ის ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას ორი პირის ლიკვიდაცია მოხდა, ერთმა კი, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.
უწყების ინფორმაციით, ახმედ ჩატაევის ოჯახი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.
„ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, დნმ-ის, ასევე თითის ანაბეჭდებით ანუ დაქტილოსკოპიური კვლევით, დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთ ახმედ ჩატაევია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან,“ - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მისივე ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციისას ორმა პირმა გაქცევა შეძლო სიმართლეს არ შეესაბამება.
"შემთხვევის ადგილიდან არავინ გაქცეულა, რაც შეეხება სურათებს, ერთ სურათზე არის სასახული ის პირი, რომელიც იქნა ლიკვიდირებული,"-აცხადებს გიორგობიანი.
ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ გარდაცვლილთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის.
გიორგობიანის განცხადებით, სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დანებება შესთავაზეს რაზეც უარი მიიღეს. მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა მოსახლეობის ევაკუაცია მათივე უსაფრთხოების მიზნით.
როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ქართველ სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში FBI-ს ექსპერტები დაეხმარნენ, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქვეყანაში ყოფნის მიზეზს უწყებაში არ აკონკრეტებენ. სუს-ში ასევე არ საუბრობენ, ჰყავდათ თუ არა ტერორისტებს მოკავშირეები საქართველოში.
როგორც ნინო გიორგობიანმა განაცხადა, სპეცოპერაციაში არცერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა.