20 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება - ოპოზიცია ევროსაბჭოს განცხადებას ეხმაურება

ოპოზიცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებას ეხმაურება, სადაც ქართულ მხარეს  ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების დაბალანსების და კონტროლის უფრო ძლიერი სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მმართველობის სფეროში უსაფრთხოების სამსახურების როლის გაზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ხელისუფლებამ სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი უნდა უზრუნველყოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ ამ განცხადებით ევროსაბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნა, რომ სუს-სთვის საგარეო დაზვერვის მიერთება არასწორია.

„ეს სკეპტიკური დამოკიდებულება, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ ისინი პარლამენტს მოუწოდებენ მეტი საპარლამენტო კონტროლისკენ, სწორედ მიუთითებს იმას, რომ ეს პროცესი, რის მცდელობასაც აქვს ხელისუფლების მხრიდან, ყველაფერს, რომ თავზე დაასვან სუს-ი და ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, გააუქმონ დაზვერვა, შეუერთონ ის კონტრდაზვერვას არის სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ეს მოდელი არასწორია, ეს მოდელი აბსოლუტურად ვერ უზრუნველყოფს ვერც გამჭვირვალობას ამ სტრუქტურის,“ - განაცხადა გია ბარამიძემ.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ სუს-სთვის საგრეო დაზვერვის მიერთება, შეცდომაა.

„დღეს ამ ორგანოსთვის, რომელიც პოლიტიკურ ორგანოდ არის ჩამოყალიბებული, დამატებით საგარეო დაზვერვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიერთება წარმოადგენს საფრთხეს, საერთოდ ჩვენ გვეშლება ყველანაირად საგარეო უშიშროების, უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ინსტიტუტები,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები