საპარლამენტო უმრავლესობას შორის, სავარაუდოდ, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება. კონსულტაციებს პრემიერმინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი ესწრებიან.
უთანხმოების მთავარი მიზეზი უმრავლესობაში უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურების გაერთიანება და გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებაა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე, რომელიც დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება, აღნიშნავს, რომ მომდევნო სესიაზე უკვე ერთიანი გადაწყვეტილებით წარსდგებიან პარლამენტის წინაშე.
„სამთავრობო ცვლილებების პაკეტი უკვე ინიცირებულია პარლამენტში. გუშინ სესიაზე დაიწყო უკვე განხილვები. რა თქმა უნდა, დამატებითი კონსულტაციები შედგება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის. ჩვენ უკვე მომდევნო სესიაზე ერთიანი გადაწყვეტილებით გამოვალთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ზაზა ხუციშვილი, აცხადებს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც გაერთიანებასთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე არგუმენტებს მოისმენენ.
„ჩვენ ბოლომდე ვერ მივიღეთ ის არგუმენტები, რის გამოც უნდა დავუჭიროთ მხარი ასეთ პროექტს, გაგრძელდება კონსულტაციები. გვაინტერესებს უამრავი თემა, რომელზეც უფრო გახსნილი და უფრო კონკრეტული პასუხები გვჭირდება,“ - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.