20 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
2018 წლის თბილისის ბიუჯეტი - ოპოზიციის კრიტიკას და მოთხოვნებს მერიაში ალოგიკურს უწოდებენ

2018 წლის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნებს ალოგიკურს უწოდებენ მერიაში. თბილისის ვიცე მერის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი თბილისელების ინტერესებს არის მორგებული და იმ თანხების გამოყოფა, რასაც მმართველი ძალის ოპონენტები ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით ითხოვენ, შეუძლებელია.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ამისთვის 2000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება უნდა მომხდარიყო.

„ოპოზიციამ წარმოადგინა დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე ღირებულების სოციალური პროგრამები. ანუ, აბსოლუტურად ალოგიკური გეგმა ჰქონდათ, საიდან უნდა მოგვეძებნა ეს 200 მილიონი. ოპოზიცია თვლიდა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით შეიძლება ამხელა თანხის მობილიზება, რაც პრაქტიკულად გამორიცხული არის. ჩვენი გეგმა არის ორიენტირებული ქალაქის ეკონომიკის განვითარებაზე, მეტ შესაძლებლობაზე, მეტ შემოსავალზე ჩვენი მოსახლეობისთვის,“ - აცხადებს თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე.

2018 წლის საფინანსო დოკუმენტი დაახლოებით 60 მილიონით იზრდება, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ეკოლოგიას უნდა მოხმარდეს. დოკუმენტის საბოლოო ვერსიას კენჭს საკრებულო მომავალ კვირაში უყრის.

ამავე თემაზე
დღის ამბები