20 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრი, სევერიონ დანგაძე აცხადებს, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, სევერიონ დანგაძის ეპიზოდზე კიევში სასამართლოში პროცესი გადაიდო. ადვოკატის ინფორმაციით, პროცესი სავარაუდოდ, მას შემდეგ გაიმართება, რაც სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოსგან საქმე გაეგზავნება.

სწორედ ამის შემდეგ მხარეებმა მტკიცებულებები უნდა წარადგინონ, ასევე, დაიწყება მოწმეთა დაკითხვაც.

დანგაძეს გამოძიება დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობასა და უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას ედავება.

მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრისთვის წაყენებულ ბრალდებას ადვოკატი პოლიტიკურად მოტივირებულს და უსაფუძვლოს, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს კი, ფაბრიკაციას უწოდებს.

„ჩვენთვის ეს ჩანაწერები ჯერ არ გადმოუციათ. მედიასაშუალებებიდან უკვე ჩაატარეს გარკვეული ექსპერტიზა და დაადასტურეს, რომ მონტაჟის ნიშნები არსებობს. ვიდეოზე ჩანს დანგაძის მსგავსი ადამიანი, მაგრამ ეს მასალები დაცვის მხარეს უნდა გადმოგვეცეს, რადგან ჩვენ ვერ ვატარებთ ექსპერტიზას, ვერ ვადგენთ მონტაჟია თუ არა,“ – განაცხადა ადვოკატმა, მიკოლა ნედილკომ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ დანგაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდება შეუსაბამოა.

„იგივე ეხება აუდიო ჩანაწერებსაც, აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ 2 საიდუმლო აგენტის ჩვენებას, მგლის და ბაჭიას ჩვენებებს, ეს სასაცილოა უბრალოდ და სხვა არაფერი,“ - განაცხადა ადვოკატმა.

სევერიონ დანგაძე აცხადებს, რომ ეს ჩანაწერები არის ფალსიფიცირებული და მისი თქმით, სხვადასხვა სატელეფონო საუბრებიდან არის ამოკრებილი.

მისი თქმით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და მისი დაკავება მხოლოდ სააკაშვილთან სიახლოვის გამო მოხდა. 

დღის ამბები