20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ვინ გადაწონა თქვენი პოლიტიკური ფიგურა და გაათავისუფლა ჩატაევი - სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

ვითარება დაიძაბა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც ძალოვან მინისტებს უსმენენ. სიტყვიერი დაპირისპირება სამთავრობო გუნდის წევრებსა და ოპოზიციის წევრებს შორის მოყვა ოპოზიციის მწვავე შეკითხვებს. 

„ევროპული საქართველოს“ წევრები იუსტიციის მინისტრისგან ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს. მინისტრს კომიტეტების გაფართოებულ სხდომაზე გიგა ბოკერიამ მიმართა.

ბოკერია დაინტერესდა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება ჩატაევის გათავისუფლებაზე, რადგან თავის დროზე იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ის ჩატაევის გაშვებას ეწინააღმდეგებოდა.

„სადღაც 5 წლის წინ ქალბატონო თეა, თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ ამ შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბატონი ჩატაევი, რომელიც მაშინ იყო დაკავებული, იქნა გათავისუფლებული თქვენი პოზიციის წინააღმდეგ. მინდა გკითხოთ ამ მოვლენების ფონზე, იქნებ საზოგადოებას გაუმხილოთ, რადგან მაშინ ჩათვალეთ საჭიროდ გაგემხილათ, რომ თქვენ თურმე წინააღმდეგი იყავით. ვინ იყო მომხრე, ვინ გადაწონა თქვენი პოლიტიკური ფიგურა და რა არგუმენტებით. ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, არჩილ კბილაშვილის გვარი არ ახსენოთ, იმიტომ, რომ თქვენ მაშინ გენპროკურორი იყავით და სრული საფუძველი გქონდათ ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება შეგეცვალათ,“ - მიმართა გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრს.

გიგა ბოკერიამ საკომიტეტო მოსმენაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც ისაუბრა. მან შს მინისტრს მიმართა კითხვით - არის თუ არა ჩატაევის და მისი მომხრეების საქართველოში ყოფნა უსაფრთხოების ჩავარდნა და სამართალდამცავი ორგანოების ცუდი მუშაობის შედეგი.

„ბატონო გიორგი მიგაჩნიათ თუ არა უსაფრთხოების სერიოზულ ჩავარდნად, რომ იმ სახლში, რომელიც დაკავშირებული იყო ერთ-ერთ ჯგუფთან, რომელიც არის შემჩნეული, სირიაში ჩვენი მოქალაქეების მგზავრობასთან, ამ სახლზე არ მიმდინარეობდა სათანადო თვალთვალი და სამართალდამცველ ორგანოებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმ საფრთხის სერიოზულობის შესახებ, მათ შორის იარაღის, პიროვნებების შესახებ, ვინც იყვნენ და რამაც შემდეგ შეიწირა სპეცრაზმელის სიცოცხლე,“ - მიმართა ბოკერიამ შს მინისტრს.

კომიტეტში მინისტრები დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემის რეჟიმზე არ გადასულან. 

დღის ამბები