20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"ის არ უნდა გამოვიდეს ციხიდან" - კამათი წულუკიანსა და კაპანაძეს შორის მერაბიშვილის საქმეზე  

კამათი პარლამენტში იუსტიციის მინისტრსა და „ევროპული საქართველოს“ წევრ, სერგი კაპანაძეს შორის. გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, კაპანაძემ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც 18-ე მუხლის დარღვევა დადგინდა.

კაპანაძემ იუსტიციის მინისტრს მიმართა და ჰკითხა აპირებს თუ არა გახდეს ევროპაში ერთადერთი მინისტრი, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილებას უგულებელყოფს და პატიმარს ტოვებს ციხეში.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო იმიტომ, რომ მისალოცად აქვს საქმე, იმიტომ რომ ერთადერთი მინისტრია საქართველოში, რომლის მინისტრობის დროსაც, მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა ადამიანის უფლებათა სასამართლომ სტრასბურგში. აპირებთ თუ არა, რომ კიდევ უფრო მოსალოცად გქონდეთ საქმე და ის ადამიანი, რომლის მიმართაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, დატოვოთ ციხეში და მართლაც გახდეთ ერთადერთი მინისტრი მთელი ევროპის მასშტაბით, რომლის მინისტრობის დროსაც არის გამოტანილი მე-18 მუხლის დარღვევა და პატიმარი აგრძელებს ციხეში ჯდომას,“ - მიმართა კაპანაძემ წულუკიანს.

იუსტიციის მინისტრმა სერგი კაპანაძის განცხადებას სიცრუე უწოდა. თეა წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებათა სასამართლოს საკუთარ გადაწყვეტილებაში ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პატიმრობა არ დაუდგენია.

რაც შეეხება მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხს, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

"მე ვიზიარებ თქვენს პოლიტიკურ მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ვერ შეძელით სტრასბურგის დიდი პალატისთვის გეთქმევინებინათ, რომ ვანო არის პოლიტიკური პატიმარი, პირიქით დიდმა პალატამ თქვა, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. რომ მის არც დაკავებაში, არც წინასწარ პატიმრობაში და არც ამჟამინდელ პატიმრობაში პოლიტიკური ნიშნები არ იკვეთება.

ის რომ მე-18 მუხლი დაირღვა ეს არ არის, ის რასაც თქვენ ელოდით, თქვენ ელოდით პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გავლით და ეს ვერ მოახერხეთ და მე ამ მწუხარებას ვიზიარებ, ხოლო ვანო უნდა გამოვიდეს თუ არა ციხიდან მე თუ მეკითხებით, მე ვფიქრობთ, რომ ის არ უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ის იხდის სასჯელს. ეს არის ორჯერ ორი ოთხივით,“ - განაცხადა წულუკიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები