20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საქმე - კიევის სააპელაციო სასამართლოსთან ეროვნული გვარდიის მობილიზება ხდება 

კიევის სააპელაციო სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილს საქმეს განიხილავს. ამ პროცესის გამო, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე აღარ ელოდებიან. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკითხვაზე ფიზიკურად ვერ გამოცხადდება, რადგან კიევის სააპელაციო სასამართლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივარს განიხილავს.

სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე დაახლოებით საათნახევარი რჩება. ადგილზე უკვე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების ქვედანაყოფები. სასამართლოს პერიმეტრზე ნაციონალური გვარდიის და პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებული.

სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდების მხარემ გაასაჩივრა პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა, სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ.

მხარეებს უკვე ჩაბარდათ მოსამართლე ჩოკორის დასაბუთებული გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქმე ფალსიფიცირებულია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ უნდა შეფარდებოდა.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ განმხილველ მოსამართლეებს შორის არიან ადამიანები, რომლებმაც უკრაინის ამჟამინდელი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო გაასამართლეს. სწორედ ამიტომ, მათ დადებითი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვთ.

არსებობს ვარაუდი, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაჩქარდება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების პროცედურები. 

სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც. მათ სასამართლოსთან მისვლისკენ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა გუშინ მოუწოდა. 

დღის ამბები