20 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 იანვრამდე გადადო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 2018 წლის 3 იანვრამდე გადადო. ბრალდების მხარე საქართველოს მესამე პრეზიდენტს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, საქმე ეხება გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებას.

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო განხილვა 3 იანვრამდე გადადო. ადვოკატმა მოსამართლეს სხდომის გადადების შუამდგომლობით უკვე მესამედ მიმართა, რადგან მისი თქმით, საქმის მასალების გაცნობას ვერ ასწრებს.

სოფო გოგლიჩიძე აღნიშნავს, რომ მოსამართლის მიერ წინა სასამართლო სხდომაზე მიცემული დრო არაგონივრული იყო.

„საქმე ვადებში არ არის შეზღუდული, ასე რომ რატომ უნდა დაჩქარდეს ჩემი მხრიდან დასკვნითი სიტყვის მომზადება მაშინ, როდესაც არ ვარ სრულყოფილად ჩამოყალიბებული დასკვნითი სიტყვისთვის, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ უნდათ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს საქმის წარმოება,“ - განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ. 

სააკაშვილის საქმის პროკურორის თქმით, ადვოკატი დღევანდელ სხდომაზეც მოუმზადებელი მივიდა და აცხადებს, რომ სახაზინო ადვოკატმა წინა პროცესზე იცრუა. პროკურორის თქმით, სოფო გოგლიჩიძეს საკმარისი დრო ჰქონდა საქმის მასალების გასაცნობად. 

„დაცვის მხარე ვერ აბამს თავს, წარმოადგინოს დაცვითი სიტყვა. ყველაფერი უნდა ჩაჯდეს, რაღაც გონივრულ, სამართლებრივ ჩარჩოში... თუ ადვოკატი ისევ სხვა, ასე ვთქვათ, არარეალურ მიზეზს მოიგონეს და ანალოგიურ შუამდგომლობას დააყენებს, მე პირადად, მიმართავ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას".

დღევანდელ პროცესს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ესწრებოდნენ და აცხადებენ, რომ პირდაპირ ჩანს, როგორც მოსამართლის, ასევე, პროკურორის პოლიტიკური დაინტერესება. „ენმ“-ის წევრების თქმით, მოსამართლეს უკვე აქვს დაწერილი გადაწყვეტილება და ცდილობს, რომ სწრაფად, დაჩქარებულ ვადებში გამოაცხადოს გადაწყვეტილება.

„გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, რომ 3 იანვარს ჩანიშნა პროცესი. 3 იანვარს მოგეხსენებათ უკრაინაში სააპელაციო პროცესია მიხეილ სააკაშვილის, ასე, რომ შეთანხმებული რეჟიმით მიდის ქართული და უკრაინული სასამარლოების,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ენმ“-ის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, პროკურორი პოლიტიკური მართლმსაჯულების შეკვეთას ასრულებს. 

დღის ამბები