30 დეკემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"ვარაუდების გამოთქმა და ფანტაზია არის უსასრულო" - დეპუტატები მალხაზ მაჩალიკაშვილის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურებიან

მალხაზ მაჩალიკაშვილის სკანდალურ განცხადებებს დეპუტატები ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადებას მის ფანტაზიას უწოდებს და ამბობს, რომ აქედან გამომდინარე ის ამაზე ვერ ისაუბრებს.

„მას აქვს  მხოლოდ ვარაუდები, მას აქვს მხოლოდ თავისი მოსაზრება და ფიქრი თუ რა შეიძლება  ყოფილიყო ამიტომ მე მის ფიქრებზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვარაუდების გამოთქმა და ფანტაზია არის უსასრულო, როცა ადამიანი ფიქრობს  და გამოთქვამს თავის ვარაუდს, ეს მისი ფიქრია და ეს არ ნიშნავს, რომ რეალობა არის. ამიტომ მე გამიჭირდება მის ეჭვებზე, ვარაუდებზე კომენტარი გავაკეთო,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობაში კი ამბობენ, რომ სიმართლის დასადგენად ოპოზიცია საგამოძიებო  კომისიის შექმნას ითხოვდა თუმცა ეს მმართველმა გუნდმა არ მოინდომა.

„ახლა ვლინდება ის უამრავი საფრთხეები რაც თურმე არსებობდა ქვეყანაში და ხელისუფლება ცდილობს, რომ სწორედ მაჩალიკაშვილზე ზეწოლით დამალოს ის რის გამხელაც მათ სამწუხაროდ  არ უნდოდათ თუნდაც ჩვენს მიერ შემოთავაზებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს „ევროპულ საქართველოსაც.“ ოთარ კახიძის  თქმით, ამ კითხვებს დამაჯერებელი პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„თუ გამოძიება დამაჯერებელ პასუხებს ვერ გასცემს მაშინ ცხადია პარლამენტი უნდა დაინტერესდეს მაქსიმალურად ამ საკითხით. ყველა  ანგარიშვალდებული პირისგან მოისმინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება და თუ კი გამოიკვეთება რომელიმე ფიგურის პოლიტიკური საკითხი ესეც უნდა დაისვას,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სკანდალური განცხადებები „შაბათის კურიერში“ გააკეთა. მისი თქმით  მას მიუგზავნეს აგენტები, რომლებიც სთავაზობდნენ კონსპირაციულ ბინაში შს მინისტრთან შეხვედრას. გარდა ამისა, მაჩალიკაშვილის თქმით იგეგმებოდა მისი დაკავება ან აფეთქება. მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ერთ-ერთი აგენტ-პროვოკატორი, რომელიც მას მიუგზავნეს არის პირი, რომელსაც ხედავდა ხოლმე რამაზ მარგოშვილთან. თავად მარგოშვილი დაკავებული ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით. 

დღის ამბები