"თბილისის არეულობა მილიარდერის ოცნებას ღამის კოშმარებით ემუქრება" - ამ სათაურით ამერიკული გამოცემა "ბლუმბერგი" პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ინტერვიუ ჭორვილაში 8 ნოემბერს ჩაიწერა და ერთი დღის წინ გამოქვეყნდა. ანალიტიკურ სტატიაში საქართველოში განვითარებული მოვლენებია აღწერილი.
"ჩვენ ჯანსაღი ძალები გვჭირდება და არა დესტრუქციული. გვერდზე მაშინ გავდგები, როცა ვნახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან, ... ჩვენ რომ გვქონდეს არჩევანი "ქართულ ოცნებასა" და ნებისმიერ სხვას შორის, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", წავიდოდი და ვეღარ მნახავდით ვერც პოლიტიკაში ან პარლამენტში… ჩემს სოფელს არ დავტოვებდი," - აღნიშნავს ივანიშვილი ინტერვიუში.
მისივე თქმით, ურჩევნია პოლიტიკოსის ნაცვლად მებაღე ყოფილიყო.
ივანიშვილი ასევე რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სიძულვილის ენის დათესვით პრობლემა არ მოგვარდება.
"სიგიჟეა, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა, მაგრამ თუ კედელს ავაშენებთ, სიძულვილის ენას დავთესავთ და ერთმანეთის გინებას დავიწყებთ, როგორც სააკაშვილი აკეთებდა, სიტუაცია თავისით არასოდეს მოგვარდება," – აცხადებს ივანიშვილი ინტერვიუში.