ხელისუფლების არა ერთი უარის შემდეგ, ოპოზიცია ე.წ გერმანულ მოდელზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას დაელოდება. 30- მდე პარტიის ლიდერის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ეხება, ეუთოს და ოდირს გადაეგზავნება. ამ პროცესში ხელისუფლების ოპონენტებს დაეხმარება სახალხო დამცველიც.
"წესით და რიგით, ხელისუფლებას უნდა აეღო ეს ვალდებულება, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი სრულიად უპასუხისმგებლოდ და უგუნურად იქცევიან. დარწმუნებული ვარ, ოდირის მხრიდან იქნება დადებითი დასკვნა, იმიტომ რომ არაერთმა ექსპერტმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელმა, უკვე დაადასტურა, რომ ის ვერსია, რაც ოპოზიციამ შესთავაზა ივანიშვილს, არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.
"გეგმაზომიერად მივდივართ, საზოგადოებას ვანახებთ რომ ჩვენ რაციონალურად გვაქვს გამოსავალი და რომ ხელისუფლება და ივანიშვილი ჭირვეულობს. უბრალოდ, უნდა რომ მიიტაცოს ძალაუფლება და ეს კარგად ჩანს პროცესებში, რაც ახლა ვითარდება, "- უთხრა "კურიერს" "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.
"მე ნეგატიურ შედგეს ვერც ველოდები, ეს ერთი, მეორე სწორედ ამიტომ "ქართული ოცნებას" არ უნდა გააგზავნოს არსად და დიპლომატების თვალწინ გაშიშვლდა "ოცნება" და ყველამ დაინახა, ისინი არიან დესტრუქციულები, ჩვენ ვართ კონსტრუქციულები"- განაცხადა პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
"გავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში და იმ მიუკერძოებელმა ადამიანებმა გვითხრან ოფიციალურად, შეესაბამება თუარა საქართველოს კონსტიტუციას ე.წ გერმანული მოდელი. ხომ შეიძლება უარი მივიღოთ და ჩვენ აღმოვჩნდეთ რაღაც სამარცხვინო მდგომარეობაში, მაგრამ ამ რისკზე მივდივრთ და რატომ არ მიდიან ისინი? ე.ი იტყუებიან წულუკიანი და კობახიძე და ეშინიათ, რომ ვენეციის კომისიამ თქვას, რომ ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში," - განაცხადა "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა.